ფეხბურთელი არჩილ არველაძე პატიმართა მიმართ არადამიანური მოპყრობის ფაქტებში მონაწილე ყველა პირის დასჯას მოითხოვს.
როგორც მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების ხილვის შემდეგ, არ დარჩენილა ადამიანი, ვისთვისაც აღნიშნული თემა მტკივნეული არ იყოს.
მისი თქმით, სპორტსმენებმა გადაწყვიტეს პატიმართა სოლიდარობის ნიშნად, დღეს პროტესტი ერთად გამოხატონ. ამასთან, ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება, რათა ციხის შიგნით პატიმარი წყნარად იყოს და გარეთ - მისი ოჯახის წევრი.
„ვაპროტესტებთ იმ ფაქტს, რაც ხუთი დღის წინ ვიდეოკადრებით გავრცელდა და რამაც მთელი საქართველო შოკში ჩააგდო. მოვითხოვთ, ყველა იმ პირის დასჯას, ვინც პატიმრების მიმართ განხორციელებულ დანაშაულში მონაწილეობდა. იმედია, მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება, რადგან კაცს თუ ციხეს მიუსჯიან იცოდეს, რომ ციხე მიუსაჯეს და არა რაღაც სისასტიკე “ - განაცხადა ფეხბურთელმა.
ამ წუთებში ფეხბურთის ფედერაციასთან რაგბისტები, მოჭიდავეები, ფეხბურთელები და კალათბურთელები იკრიბებიან.