ცესკოს დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა

ცესკოს დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“  25 სექტემბრის თარიღით  „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა. შესაბამისად,   საარჩევნო უბნებზე ვიდეო და ფოტოგადაღებასთან დაკავშირებით შეზღუდვები ძალაში შევიდა.

დადგენილების მიხედვით,  კენჭისყრის დღეს,  საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 07:00 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ და კომისიის წევრების მიერ ინტერვიუების მიცემა უნდა განხორციელდეს კენჭისყრის პროცესში მისთვის განკუთვნილი მოვალეობების შესრულების შეფერხების გარეშე.

დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში კენჭისყრის კაბინის ფოტო/ვიდეო გადაღება და ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციისა თუ მასალის გადაღება,  რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება,  მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსია.

„კენჭისყრის დღეს, დილის 07:00 საათიდან პირველი ამომრჩევლის საარჩევნო უბანში მოსვლამდე და საარჩევნო უბანში ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის გარეშე, რაც გულისხმობს: ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის შენობაში უნდა წარმოებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან,  საიდანაც ჩანს საარჩევნო პროცესი; მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისათვის ფოტოვიდეოგადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან“,  - ნათქვამია დადგენილებაში.

მის თანახმად, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლის პერიოდიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტო/ვიდეო გადაღება კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის გარეშე, რაც გულისხმობს: კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებრივ გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის პერიოდი საარჩევნო უბნებში, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები (პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები) აძლევენ ხმას, რის შემდგომაც, ფოტო/ვიდეო გადამღები აპარატები უნდა გატანილ იქნას კენჭისყრის შენობიდან.

ერთი და იგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტო/ვიდეო გადაღება ერთხელ აწარმოოს არაუმეტეს 10 წუთისა. თუ აღნიშნულ წარმომადგენელს აქვს სურვილი ფოტო/ვიდეო გადაღება აწარმოოს 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ ის ვალდებულია დაიკავოს კენჭისყრის შენობაში გამოყოფილი სპეციალური ადგილი. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ კენჭისყრის მთელი დღის განმავლობაში აწარმოონ ფოტო/ვიდეო გადაღება იმდაგვარად, რომ სტაციონალური ვიდეოგადამღები აპარატი იმყოფებოდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ადგილზე. ადგილი იმდაგვარად უნდა იყოს შერჩეული, რომ ჩანდეს საარჩევნო ყუთი. იმ შემთხვევაში, თუკი კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კამერით გადაადგილდება ან ტოვებს კენჭისყრის შენობას, კარგავს ფოტო/ვიდეო გადაღების წარმოების უფლებას.

დადგენილების მიხედვით, განსაზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია, ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ, ინფორმაცია რის შესახებაც აღინიშნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

„ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“, - აღნიშნულია ცესკო-ს დადგენილებაში, რომელსაც ხელს ცესკო-ს თავჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და კომისიის მდივანი გიზო მჭედლიძე აწერენ.