სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სასულიერო სემინარია-აკადემიისა და სხვა სასწავლებლის სტუდენტებთან გუშინდელი შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
განცხადების ნათქვამია, რომ შეხვედრაზე კათოლიკოს-პატრიარქმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა. მათ შორის, იმ დაჭერებზე, რომელიც ამ დღეებში განხორციელდა და ხორციელდება; ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პატიმრებზე, საერთოდ პატიმრებისადმი მოპყრობაზე, ცოდვის სიმძიმესა და სხვა საკითხებზე.
განცხადების თანახმადვე, პატრიარქმა აღნიშნა, რომ როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს ესა თუ ის ტუსაღი, მისი წამება და ღირსების შელახვა ყოვლად დაუშვებელია. პატრიარქის თქმით, მან არაერთხელ გააფრთხილა ხათუნა კალმახელიძე, ასევე ციხის სხვა თანამშრომლები რომ ნუ აწამებდა პატიმრებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ისინი მაინც აგრძელებდნენ ამ საშინელებას.
„ამბობენ, რომ იმართლებენ თავს ვინც ამას აკეთებს, ვინც სტანჯავს, ვინც აწამებს, რომ ისინი მკვლელები არიან, ისინი ცუდის გამკეთებლები არიან. მე არაერთხელ გავაფრთხილე ქალბატონი კალმახელიძე, რომ დედობა გაუწიე-მეთქი პატიმრებს, პატიმრებს ნუ აწამებთ-მეთქი. ასევე, სხვა თანამშრომლებს ვაფრთხილებდი, მაგრამ, ალბათ, ეს არ იყო საკმარისი და ისინი მაინც აგრძელებდნენ და აგრძელებენ აი ამ საშინელებას. ვერაფრით ვერ გამართლდება ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს. ეს არის დანაშაული და უდიდესი ცოდვა წინაშე ღვთისა და ხალხის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ადამიანმა გააკეთა ეს საშინელება, უნდა მოინანიოს და თუ არ მოინანია, ეს ცოდვა გადადის თაობიდან თაობაზე. წინაპრების ცოდვა მოეკითხება შვილებს და შვილთა შვილებს. ცოდვა ეს ხორცმეტია. ცოდვა ამონავებს ადამიანს და საშიში მდგომარეობაა მაშინ, როცა ცოდვა ხდება შენთვის სასიამოვნო. როცა ადამიანი კმაყოფილდება და ურიგდება ცოდვას. ზოგიერთი ვერ გრძნობს ამ ცოდვების სიმძიმეს და იმართლებს თავს და პირიქით, ისეთი შემთხვევაც კი არის, რომ ამბობენ არჩევნები გაივლის და მერე ჩვენ გიჩვენებთ, რასაც გავაკეთებთ. არიან უკვე ახალი პატიმრები, აპატიმრებენ ვინც აქტიურად ლაპარაკობს ამის შესახებ და მე მინდა, მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს ხალხი, ახლად დაპატიმრებულები უნდა გამოუშვან, ასევე ავადმყოფები, იმიტომ, რომ ეს ქმნის ახალ ტალღას, წინააღმდეგობას, მტრობას", - ბრძანა პატრირქმა.
მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ ეკლესია დიდი ხანია, აყენებს საკითხს ციხეში ციხის მოძღვრის, _ კაპელანის დანიშვნის შესახებ, რაც დღემდე არ არის დადებითად გადაწყვეტილი. მართალია, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სასულიერო პირები ხშირად დადიან, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც მოძღვარს მეტი სოციალური დატვირთვა და ზედამხედველობის უფლება აქვს.
„მე მინდა გითხრათ, რომ არ უნდა ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არ დაიღუპება, გამოვა ამ მძიმე ცოდვებიდნ იმიტომ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია", - ბრძანა უწმინდესმა.