კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ და კამპანიის - „ეს შენ გეხება“ -ს მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. არასამთავრობოების განცხადებით, ცესკო-ს დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ დაუსაბუთებელია და საარჩევნო კოდექსს არღვევს.
მათი თქმით, ცესკო-ს მიერ მიღებული დადგენილება მნიშვნელოვან შეზღუდვებს აწესებს და საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ამცირებს.
„საგანგაშოა ის ფაქტი, რომ დადგენილებით მიღებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვა, კერძოდ, ფოტო/ვიდეო გადაღება კენჭისყრის შენობაში უნდა წარმოებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილებიდან. გადაღების მინიმალური მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან ან ობიექტიდან. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კამერით გადაადგილდება ან ტოვებს კენჭისყრის შენობას, კარგავს ფოტო/ვიდეო გადაღების წარმოების უფლებას. მიგვაჩნია, რომ ცესკო აღნიშნული აქტის მიღებით, გასცდა კანონით მისთვის მინიჭებულ კომპეტენციას“, - განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორმა ნათია კაპანაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ დადგენილების მიღება მოხდა არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე, რის გამოც დამკვირვებლები და მედიის წარმომადგენლები ვერ შეძლებენ დროულად გაეცნონ შეზღუდვებს, რაც თავის მხრივ, ხელშეშლის მოტივით საარჩევნო უბნიდან მათ გამოძევებასა და დაჯარიმებას გამოიწვევს.
იმ შემთხვევაში, თუ ცესკო დღის ბოლომდე დადგენილებას არ გააუქმებს, არასამათავრობო ორგანიზაციები 18:00 საათამდე სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.