საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მსჯავრდებულთა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული.
იმისათვის, რომ აღნიშნულმა პატიმრებმა შეძლონ არჩევნებში საკუთარი არჩევანის თავისუფალი გაკეთება, მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე პატიმართა ოჯახის წევრებს, პატიმრის განთავსების დაწესებულებებში არაუგვიანეს 2012 წლის 28 ოქტომბრისა, წარმოადგინონ პატიმართა პირადობის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტაცია:1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; 2. ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
ამავდროულად, თუ პატიმარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირია - საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოთ დევნილის მოწმობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე ყოველდღე 10-18 საათამდე, 08 00 00 50 50 ან 08 00 00 50 51 ზარი უფასოა“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.