ნინო ქადაგიძე: ზურაბ ჟვანიას სიკვდილი ახალაიას, ალანიასა და მელნიკოვს უკავშირდება

ნინო ქადაგიძე: ზურაბ ჟვანიას სიკვდილი ახალაიას, ალანიასა და მელნიკოვს უკავშირდება

2005 წლის 3 თებერვალს საქართველოში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. კითხვები, რომელიც მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში პირველივე დღეს გაჩნდა, დღემდე პასუხგაუცემელია. ხელისუფლებამ თითქმის არაფერი გააკეთა ამ საქმის გამოძიებისთვის, შესაბამისად ეჭვი, რომ ზურა ჟვანია მოკლულია და ამ მკვლელობაში ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები არიან გარეული, წლიდან წლამდე მძაფრდება. გლდანის ციხის ჯოჯოხეთის გამომზეურების შემდეგ, საზოგადოებაში არ წყდება მითქმა-მოთქმა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა პრემიერ-მინისტრის საიდუმლოებით მოცული გარდაცვალების ახალი დეტალები გახდეს ცნობილი. ვესაუბრებით ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ქალბატონ ნინო ქადაგიძე-ჟვანიას.

- ქალბატონო ნინო, როგორ მოხდა, რომ 2003 წელს დასავლური იდეალებით მოსული ხელისუფლების წიაღში ჩამოყალიბდა სასჯელაღსრულების ეს ყოვლად მახინჯი და ადამიანის უფლებების შემლახველი სისტემა?

- ასეც შეიძლება დაისვას კითხვა: როგორ მივიდა ეს ხელისუფლება აქამდე? - ერთი მხრივ, ამის მიზეზია ის, რომ ძალაუფლება საბოლოოდ ისეთ ხალხს ჩაუვარდა ხელში, ვინც ამას არ იმსახურებდა. ამასთანავე, ამ ადამიანებში შინაგანად ეს სისასტიკე და დაუნდობლობა ხელისუფლებაში მოსვლამდეც იყო. სამწუხაროდ, ქართველ ხალხს არ გაუმართლა... ცნობილია, რომ ძალაუფლება ცვლის ადამიანებს. როცა ძალაუფლება იმას უვარდება ხელში, ვინც ამას არ იმსახურებს, ყველანაირად ცდილობს, ეს ძალაუფლება შეინარჩუნოს. დღევანდელი გადასახედიდან ვასკვნი, რომ ამ სისტემის ჩამოყალიბება მეთოდურად, წლების განმავლობაში ხდებოდა. ეს არ არის გუშინ და გუშინწინ დაწყებული ამბავი, მათი მოსვლის დღიდანვე აქეთკენ მიდიოდა ყველაფერი. ერთი შემთხვევა მახსოვს - 2004 წელს ზურას დაბადების დღეზე ჩვენთან სტუმრად იყვნენ: სააკაშვილი, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი და ადეიშვილი. ბევრი სტუმარი გვყავდა, ესენი გვიან მოვიდნენ და ცალკე მაგიდის გაშლა დაგვჭირდა. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ერთ სუფრასთან მოუწიათ ჯდომამ. მახსოვს, მათმა საუბარმა როგორ შემაშფოთა. ამას წინათ ტელევიზიით მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მოგვასმენინეს, რომელშიც ფოტოგრაფების საქმეზე ლაპარაკობდნენ და მერაბიშვილის ხმა რომ გავიგონე, ის ცხრა წლის წინანდელი საუბარი გამახსენდა. ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, რომ ვიღაც უშლიდათ ხელს, ამბობდნენ, მოვიშორებთ, ამას ჩავუგდებთ, იმას დავაწერინებთო... მაშინ ვიფიქრე, დავიღუპეთ-მეთქი. მე ეს ერთხელ მოვისმინე, ზურას, ალბათ, ყოველდღე ესმოდა და ხედავდა ამისთანა რაღაცებს, ამიტომაც იყო, რომ ბოლო ხანს ბევრს ლაპარაკობდა პოლიტიკიდან და, საერთოდ, ქვეყნიდან წასვლაზე. ვიცი, რომ ამის თაობაზე ბადრი პატარკაციშვილსაც ელაპარაკა და ბადრიმ რაღაცნაირად გადაათქმევინა. ასე მგონია, რომ ბადრიც საბოლოოდ ამ სიტუაციას, ადამიანურ ურთიერთობებს შეეწირა. სულ მახსოვს ზურას სიტყვები: "წავიდოდი, მაგრამ ეს ქვეყანა ვის დავუტოვოო". უკვე მეც ასე ვარ, რამდენი ხანია ვფიქრობ, წავიდე აქედან, სხვა ქვეყანაში ვცადო ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ცხოვრების აწყობა, მაგრამ ვის დავუტოვო ეს ქვეყანა? არადა, ბევრს არაფერს ვითხოვ - მინდა, ჩემს სამშობლოში ნორმალურად მშვიდად, თავისუფლად ცხოვრების საშუალება მქონდეს.

- დღეს ხელისუფლებაში ბევრი ადამიანია, რომელსაც კარგად იცნობთ, რას ფიქრობთ ამ კადრების გავრცელების შემდეგ მათ პოზიციაზე?

- ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია. არ მესმის, რის ფასად აკეთებენ ეს ადამიანები ამ ყველაფერს, რის ხარჯზე დგანან ამ პოზიციაზე. არც ის მესმის, როგორ შეიძლება დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი იყო?

- ქალბატონო ნინო, "ვარდების რევოლუციისას" არ ჩანდა მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე?

- როგორ არ ჩანდა, რევოლუციის დროს ზურა შინიდან რომ გადიოდა, მე დანამდვილებით არ ვიცოდი, სააკაშვილის გვერდით დადგებოდა თუ არა. საკმაოდ კრიტიკულად იყო მის მიმართ განწყობილი, თუმცა მეც მქონდა იმედი და მასაც, რომ მოახერხებდა ვითარების დაბალანსებას. ზურა რასაც ჩაიფიქრებდა, ყველაფრის გაკეთებას ახერხებდა. იდეალისტი იყო, საოცრად ადამიანური და ამასთანავე, ზოგჯერ ისეთ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს იღებდა, ისეთ გაბედულ ნაბიჯებს დგამდა, სულ მიკვირდა, ამდენს როგორ ახერხებდა. ვიდრე ცოცხალი იყო, ზურა მართლაც აბალანსებდა ხელისუფლებაში არსებულ ვითარებას, შემდეგ კი ვნახეთ, რაც მოხდა და როგორ განვითარდა მოვლენები.

- ქალბატონო ნინო, ჩვენს საზოგადოებაში მგონი, აღარ დარჩა ადამიანი, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების სახელისუფლებო ვერსიის რომ სჯეროდეს. დღეს უკვე ბევრი მიიჩნევს, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა იყო ამ ხელისუფლების პირველი დანაშაული, რომელმაც, გარკვეულწილად, ხელი უბიძგა და ჩამოაყალიბა ეს დანაშაულებრივი რეჟიმი...

- მართალი ხართ, როცა ამგვარ გზას ადგები, მერე და მერე უფრო ღრმად შედიხარ ამ სიბინძურეში, ეს ვითარება გცვლის კიდეც. ხომ ყველა ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში სააკაშვილი პიროვნულად როგორ რეგრესირებს. ის სულ უფრო და უფრო უინტერესო, ზედაპირული და ამორალური ხდება.

სააკაშვილისთვის ადამიანი არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი. ვისაც ამ კაცთან ოდესმე შეხება ჰქონია, ეს უგრძნია. ჩვენს სახლში სააკაშვილი ოჯახით ცხოვრობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვუყურებდი მის ურთიერთობას მეუღლესთან, შვილთან, მერწმუნეთ, ეს მართლაც უცნაური ურთიერთობები იყო. ვფიქრობდი, შესაძლოა სხვისი თანდასწრების გამოა ეს ურთიერთობები ასეთი-მეთქი. ეს კაცი ოჯახის წევრების მიმართაც კი არ გამოხატავდა სითბოს და ყურადღებას, თითქოს მის პიროვნებაში ეს ნაწილი საერთოდ არ იყო. არ არის ეს კაცი ჯანმრთელი, რაღაც ემოციები აკლია. ეს დაუნდობლობაც აქედან მოდის, თუნდაც ის, რაც ზურას მიმართ, მისი ოჯახის მიმართ გამოიჩინა... საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ არ დამთავრებულა არაფერი, ეს დაუნდობლობა, რაც ამ ხელისუფლებას ახასიათებს, კვლავაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანას. თუ ეს ხელისუფლება კვლავაც დარჩა, ძალიან ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში ცხოვრების შანსი აღარ ექნება. აი, ასეთი საშინელი ალტერნატივის წინაშე დააყენა ხელისუფლებამ დღეს ჩვენი საზოგადოება.

დღეს სააკაშვილს ემოციების დრო აღარა აქვს, ყველა საშუალებით ცდილობს თავის გადარჩენას. გაკვირვებული ვარ, როგორ ახერხებს ხოლმე ეს ადამიანი ფენიქსივით ფერფლიდან აღდგენას, ახლაც ამას ცდილობს.

- ამჯერადაც გამოუვა?

- თუ საშუალება მივეცით, გამოუვა. მე ისევ ადამიანების იმედი მაქვს. გასაოცარია, როგორ შეიძლება ჰყავდეს სააკაშვილს ამომრჩეველი? მართალია, არსებობს ადამიანთა ნაწილი, ვინც ამ რეჟიმის დროს კეთილდღეობა, ქონება და ძალაუფლება მოიპოვა და მისი დაკარგვა არ უნდა, მაგრამ ისინი ხომ ბევრნი არ არიან. ვერიდები ხოლმე კონკრეტულ განცხადებებს, მაგრამ გამაოგნა გია ბარამიძის განცხადებამ, მხარდამჭერებს რომ მიმართა, - ასწიეთ მაღლა თავიო. თავაწეულად და ამაყად მე ვერ დავდივარ, რადგან მაქვს პასუხისმგებლობა, ასეთი ხელისუფლება რომ გვყავს, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო უდიდესი მხვერპლი გავიღე და უმძიმესი ტკივილი გადავიტანე.

- ციხის კადრების გავრცელების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ მალე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების აქამდე დაფარული დეტალებიც გასაჯაროვდება, ითქვა, რომ დაცვის ერთ-ერთი წევრი ალაპარაკდა და უახლოეს მომავალში ახალ მასალებს იხილავს საზოგადოება. ამის თაობაზე თუ არის თქვენთვის ცნობილი?

- ბუნებრივი და ლოგიკურია საზოგადოების ეს ინტერესი, ასევე ლოგიკურია ის ეჭვი, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილი უკავშირდება სწორედ ახალაიას, ალანიასა და მელნიკოვს, რომლებიც შემდეგ უკვე გირგვლიანის მკვლელობისას ამ ხელისუფლების მფარველობის ქვეშ აღმოჩნდნენ. ხელისუფლებამ საზოგადოების განწყობა ფეხებზე დაიკიდა და ეს ადამიანები არ დასაჯა. როგორც ჩანს, ზურაბ ჟვანიას და გირგვლიანის მკვლელობები ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. არ გამოვრიცხავ, რომ ამის დამადასტურებელი რაიმე მასალები ნამდვილად არსებობდეს, დღემდე ძალიან ბევრი მოვითმინე... და ვნახოთ, რა იქნება.

- თქვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ შვილების უსაფრთხოების გამო შეწყვიტეთ სიმართლისთვის ბრძოლა. ქალბატონო ნინო, ხომ არ დადგა დრო, უკვე ყველაფერი ითქვას?

- ამაზე წლების განმავლობაში ვლაპარაკობთ, მეტი არაფრი მაქვს სათქმელი. ბრძ­ოლის გაგრძელებისგან იმიტომაც შევიკავეთ თავი, რომ იმ ხალხს, ვინც ამაში ეჭვმიტანილები იყვნენ, ხელისუფლება მფარველობდა. ამ ხელისუფლების პირობებში არც დაკითხვა ჩატარდებოდა სწორად, არც მოკვლევა და არც არაფერი. მე ან უნდა სასწორზე დამედო ჩემი და ჩემი შვილების სიცოცხლე და დამეწყო ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, ან მეზრუნა ბავშვებზე და გამეზარდა ისინი. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე. სულ მგონია, რომ ზურა თავის თავს თვითონ დაიცავს. ისეთი მადლიერი ვარ ქართველი საზოგადოების, მიუხედავად უამრავი სიბინძურისა და ცილისწამებისა, რაც ზურაზე გაავრცელეს, საზოგადოებამ ეს არც დაიჯერა და არც გაიზიარა. მე და ჩემი შვილები დიდი სიყვარულით ვართ გარემოცულნი.

საბოლოოდ ყველაფერი არჩევნებამდე მიდის, მთავარია, ადამიანებმა არ იფიქრონ, რომ არაფერი შეიცვლება. დღეს დგას მომენტი, რომ ყველაფერი საზოგადოების გადასაწყვეტია. მთავარია, ყველამ იცოდეს, რომ თავიანთი არჩევანით არაერთი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენენ, აღარაფერს ვამბობ ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე!