პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გუშინ გურჯაანს სტუმრობდა. მან მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის მიერ მობილიზებული ახალგაზრდების შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.
ბიძინა ივანიშვილმა მედიის საშუალებებს მოუწოდა აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებისა და საზოგადოებისთვის გაცნობისკენ, რათაც ყველამ კარგად ნახოს, თუ რა პირობებში უწევს „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა.
შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მსახიობები გივი ბერიკაშვილი და ოთარ მეღვინეთუხუცესი იმყოფებოდნენ.
ივანიშვილის განცხადებით, ის მხოლოდ ცარიელი დაპირებებით არ მოდის არამედ, ყველა დაპირებას კოალიცია ზედმიწევნით შეასრულებს.
„ბოლო ერთი თვეა, ჩემს მიერ გაკეთებულ საქმეებზე დავიწყე საუბარი და დიდი ბოდიშით, რომ ამაზე ვსაუბრობ. ჩვენ არ მოვდივართ მხოლოდ ცარიელი დაპირებებით, ჩვენ აუცილებლად გავაკთებთ იმას, რასაც ვპირდებით მოსახლეობას და იმაზე მეტსაც გავაკეთებთ, რასაც არ გპირდებით. გპირდებით, რომ პირველ ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჭეშმარიტად დავიწყებთ ჩვენი ქვეყნის განვითრებას და რამდენიმე წელიწადში ჩვენი ქვეყანა ჭეშმარიტად აყვავებული და პოპულარული სახელმწიფოების რიგებში ჩადგება. ღირსებას დაიბრუნებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.