მედიის წარმომადგენლები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღების შეზღუდვას აპროტესტებენ, დღეს ცესკოს წევრებს შეხვდებიან. ჟურნალ "ლიბერალის" მთავარი რედაქტორის, შორენა შავერდაშვილის განცხადებით აღნიშნულ საკითხზე თანხმობა წუხელ მიიღეს.
„ზურაბ ხარატიშვილს გუშინდელ შეხვედრაზე ვთხოვეთ, გადაეხედა იმ დადგენილებისთვის, რომელიც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღებას ზღუდავს. მან აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას მარტო ვერ მიიღებს. შესაბამისად, ვითხოვეთ კომისიის წევრებთან შეხვედრა, რათა მედიის წარმომადგენლებმა მათ განვუმარტოთ, რა პრობლემებს შეგვიქმნის დადგენილებით შემოტანილი რეგულაციები", - აღნიშნა შორენა შავერდაშვილმა.
მისივე თქმით, კომისიის სრულ შემადგენლობას ლაშა ტუღუშსა და თამარ კორძაიასთან ერთად შეხვდება.
დადგენილება, რომელიც ცესკომ 24 სექტემბერს დაამტკიცა.
ცესკოს მიერ 24 სექტემბერს მიღებული დადგენილება საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღებას ზღუდავს. დადგენილების თანახმად, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი.
როგორც კომისიის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, ფოტო და ვიდეოგადაღებისთვის დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდება მინიმუმ 3 მეტრის გადასაღებ მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. საარჩევნო უბანზე იკრძალება სამაგიდო სიისა და ამომრჩეველთა კაბინის გადაღება (შიგნით).
რეგულაციები მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ცესკო-სთან გუშინ გააპროტესტეს.