კოალიცია „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ადვოკატი, შალვა შავგულიძე ხელისუფლების მიერ საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ მიწოდებულ კადრებთან დაკავშირებით აღნიშნავს,რომ ეს არის ფოტოგრაფებების ჯაშუშობის, მოდელირებული ქრონიკის სერიების გაგრძელება.
„სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ასეთი სახის დოკუმენტაცია საფრანგეთის კანონმდებლობის გათვალისწინებით და დიპლომატიური მარეგულირებადი ნორმების მიხედვით, არა ფაქსით, არამედ დიპლომატიური არხებით უნდა გადაიგზავნოს. მე არანაირი საფუძველი არ გამაჩნია, მის კომპეტენციას არ ვენდო.
რაც შეეხება მტკიცებულებებს. კადრებში ვხედავთ მხოლოდ იმას, რომ გოგა ხაინდრავა შედის სახლში, რასაც ის არ უარყოფს და აცხადებს, რომ ის სტუმრად იმყოფებოდა მის ბავშვობის მეგობარ რეზო ლორთქიფანიძესთან. ასეთივე წარმატებით ხელისუფლებას შეუძლია ამტკიცოს, რომ იქ არა მარტო მხედრიონის აღდგენაზე საუბრობდნენ, არამედ, ვთქვათ ხაინდრავამ და ლორთქიფანიძემ როგორ გააუპატიურეს არასრულწლოვანი, ენას ძვალი არ აქვს, მითუმეტეს უსინდისოს ენას.
ეს არის ფოტოგრაფებების ჯაშუშობის, მოდელირებული ქრონიკის სერიების გაგრძელება, ყველაფერი იმ სიყალბის გაგრძელება, რაშიც ხელისუფლება ცხოვრობს და ცდილობს ქვეყანაც აცხოვროს. მინდა გაგახსენოთ გურიაში ხელისუფლების მიერ კალანდობის დადგმული სცენები, სადაც პრეზიდენტი დეკორაციებით თამაშობს სპექტაკლს და არ რცხვენია. იქ არც ის სახლი არსებობდა და არც ის ოჯახი.
როგორც კი ხელისუფლებამ მაშინ დაინახა, რომ ფოტოგრაფების ჯაშუშობის საქმით ევროპული ფოტოსააგენტო „ეპა“ დაინტერესდა, ფოტოგრაფები მაშინვე გამოუშვა, მაგრამ ახლა მინდა განვაცხადო, რომ ხელისუფლებას ეს თამაში, ეს დადგმული სერიალები, ეს სიყალებე აღარ გაუვათ და ისინი აუცილებლად ყველა პასუხს აგებენ ჩადენილი დანაშაულებებისთვის“,-აცხადებს შავგულიძე.