ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებზე ფოტო და ვიდეოგადაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებას შესაძლოა, გადახედოს. ამის შესახებ როგორც ცესკო-ს თავმჯდომარესთან ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა შორენა შავერდაშვილმა და ლაშა ტუღუშმა განაცხადეს.
მათი განცხადებით, მათ ცესკო-ს თავმჯდომარეს შესთავაზეს, რომ შეხვედროდნენ მედიის წარმომადგენლებს და მათთან ერთად მიეღოთ კონკრეტული რეგულაციები საარჩევნო უბანზე მედიის მუშაობასთან დაკავშირებით.
„შევთავაზეთ, რომ შეხვდნენ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს, რადგან ეს დადგენილება მიღებულ იქნა მათ გარეშე“ - განაცხადა ტუღუშმა.
მისივე ცნობით, ცესკო-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის გადაწყვეტილებას კომისიის წევრებთან შეთანხმების გარეშე ვერ მიიღებს და დღეს, 19.00 საათზე კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, გადაიხედება თუ არა გუშინ მიღებული დადგენილება და შედგება თუ არა შეხვედრა მედიასთან.
ამ დროისთვის, ცესკო-ს შენობასთან მედიასაშუალებების წარმომადგენელთა აქცია სრუდება.
ცესკო-ს გადაწყვეტილებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. ფოტო და ვიდეოგადაღების დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან, მინიმუმ, 3 მეტრის მანძილზე გადასაღები ობიექტიდან, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.