პატიმრების წამების ბრალდებით ციხის კიდევ ერთი კონტროლიორი მამუკა ჩხიტუნიძე დააკავეს

პატიმრების წამების ბრალდებით ციხის კიდევ ერთი კონტროლიორი მამუკა ჩხიტუნიძე დააკავეს

პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრების წამებაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებულია ბრალდებული მამუკა ჩხიტუნიძე, რომელიც გლდანის მე-8 საპყრობილის კონტროლიორი იყო. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 144" მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც წამებას გულისხმობს.

„ამ დროისთვის სულ 12 პირია დაკავებული. დაკითხულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ და მოქმედ მოხელეთა დიდი ნაწილი. გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობისა და საზოგადოების პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია“, - განაცხადა მან.

ამასთან, პროკურორის თქმით, ამ დროისთვის სასჯელღასრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ პატიმართა წამებისა და მათ მიმართ არადამიანური მოპყრობის გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია მძიმე მეთოდებისა და ხერხების გამოყენებით წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვა ფაქტებიც.

„გამოძიების მიზანია, ყველა დამნაშავე წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე“, - დასძინა მან.