სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა მინისტრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე მოვლენების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება.
ტუღუშიც განცხადებით, აღნიშნული ჯგუფი ყველა იმ ფაქტს გამოიძიებს, რომელსაც სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.
ტუღუში აღნიშნავს, რომ პრეზიდენტისგან გუშინ თანხმობა მიიღო, რომ აღნიშნული ჯგუფი 10 დღის ვადაში დაკომპლექტდეს.
„გუშინ ვესაუბრე პრეზიდენტს და მისგან თანხმობა მივიღე. 10 დღის განმავლობაში ეფექტურ, საგამოძიებო დამოუკიდებელ ჯგუფს დავაკომპლექტებთ, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ადამიანის უფლებათა დაცვის ან იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრები, ასევე, სასჯელაღსრულების მინისტრი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ადვოკატი, პროკურორი, რომელსაც ადრე შეხება არ ჰქონია მსგავსი საქმეების წარმოებასთან და შესაბამისი პროფილის არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, საგამოძიებიო ჯგუფში სათათბირო ხმის უფლებით მიწვეულნი იქნებიან, როგორც დამკვირვებლები და კონსულტანტები, ასევე, საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც სამინისტროს ჭეშმარიტების გარკვევაში დაეხმარებიან.
ტუღუშის განცხადებით, საგამოძიებო ჯგუფს სახელმწიფო დააფინანსებს. მას საკმაოდ ფართო მანდატი მიეცემა.
„ჯგუფს ექნება უფლებამოსილება პირადად აწარმოოს მოკვლევა მთელ რიგ დაწესებულებებში, ასევე, დაუბრკოლებლად შეხვდეს იმ პირებს, რომლებიც მათი ინტერესის საგანი იქნებიან. მიიღონ ახსნა-განმარტებები, როგორც სავარაუდო მსხვერპლის, ასევე, შესაბამისი მოწმეების და სავარაუდო სამართლდამრღვევებისგან“, - აღნიშნა ტუღუშმა.
მისივე თქმით, თუ ჯგუფი საჭიროდ ჩათვლის სისტემაში დასაქმებული რომელიმე პირის უფლებამოსილების შეჩერებას, მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
მინისტრის თქმით, ჯგუფის მუშაობის დასრულების შემდეგ, იგი მასალებს მთავარ პროკურატურას გადასცემს, რომელიც იმ პირთა სისხლის სამართლებრივ დევნას განახორციელებს, რომლებიც გამოძიების პროცესში გამოვლინდებიან.
მისი თქმით, სამინისტროს მთვარი მიზანია, რომ გამოძიების მიმართ მაქსიმალური ნდობა არსებობდეს და არცერთი პირი, ვინც დანაშულს ჩადიოდა, დაუსჯელი არ დარჩეს.