„თავისუფალი საქართველო“ ბიძინა ივანიშვილს განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ მოუწოდებს

„თავისუფალი საქართველო“ ბიძინა ივანიშვილს განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ მოუწოდებს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ მოუწოდებს.

შესაბამისად, პარტიის წარმომადგელები თხოვნით მიმართავს კოალიციის შიგნით მყოფ თანამებრძოლების, აგრეთვე იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც მთელი ამ წლების მანძილზე სიტყვის თავისუფლებისთვის და დემოკრატიული პრინციპებისთვის იბრძოდნენ, ან დაეთანხმონ ბატონ ივანიშვილს, რომ "ხელისუფლების სატელიტები ვართ, ან გამოთქვან თავისი აზრი საჯაროდ და ამით დაეხმარონ კოალიციის ლიდერს სააკაშვილის შეცდომების თავიდან აცილებაში."

„თავისუფალი საქართველოს განცხადებას“ from.ge უცვლელად გთავაზობთ.

ბოლო დღეებში საზოგადოების მასობრივი პროტესტი გამოიწვია პენიტენციალურ სისტემაში გამეფებულმა განუკითხაობამ. მზარდი პროტესტის შესაჩერებლად, ხელისუფლებამ ტრადიციულად პოლიტიკური რეპრესიების გაძლიერების მეთოდს მიმართა და დააკავა „ქართული ოცნების“ ათეულობით წევრი. გარდა მასობრივი დაჭერებისა, ხელისუფლება პროტესტის ტალღის შესაჩერებლად იყენებს ფიზიკური ანგარიშწორების ხერხებს. ერთ-ერთი ასეთი შემზარავი ფაქტი მოხდა გარდაბანში, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის მამუკა არეშიძის შტაბის წევრ ბუბა დვალს, უცნობმა პირმა სახეში მჟავა შეასხა.

„თავისუფალი საქართველო“ დაკავებულ და დაზარალებულ „ქართული ოცნების“ წევრებს სოლიდარობას უცხადებს და ყოველივე აღნიშნულს პოლიტიკურ რეპრესიად აფასებს.

  1. ამავდროულად, 24 სექტემბერს ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა ეჭვქვეშ დააყენა „თავისუფალი საქართველოს“ ბრძოლის მიზნები და გამოთქვა მოსაზრება, რომ „ეს გაუგებარი ბლოკი“ ხელისუფლების თამაშს თამაშობს:

 http://www.youtube.com/watch?v=Ahm_okxFgQ4

ანალოგიური შინაარსის განცხადებები „ქართული ოცნების“ ლიდერმა გასულ კვირაში რამდენჯერმე გააკეთა საჯარო ღონისძიებებზე, თუმცა „თავისუფალ საქართველოს“ უსაფუძვლო ბრალდებებისთვის ამ დრომდე არ უპასუხია, ვინაიდან, პარტია მიიჩნევს, რომ ახლა ოპოზიციის შიგნით განხეთქილების და ურთიერთშორის ბრალდებების დრო არ არის.

  1. აღსანიშნავია, რომ ბატონმა ივანიშვილმა თავად განაცხადა „თავისუფალ საქართველოსთან“ თანამშრომლობაზე უარი ჩვენი პარტიის „პრორუსულობის“ საბაბით ჯერ კიდევ წლის დასაწისში და მას არც ერთხელ გამოუთქვამს „თავისუფალი საქართველოსთან“ რაიმე ფორმით თანამშრომლობის სურვილი, ხოლო შეხვედრის ყველა მცდელობა უკუგდებულ იქნა.  პარტია გაგებით მოეკიდა ამ გადაწყვეტილებას. ამის მიუხედავად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ შევთანხმდეთ კოალიციასთან საერთო მაჟორიტარი კანდიდატების საკითხზე ან თანამშრომლობის ნებისმიერ სხვა ფორმაზე, მხარი დავუჭიროთ მათ საპროტესტო აქციებს და ა.შ.

 ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, „თავისუფალ საქართველოს“ არ დაუტოვებია უყურადღებოდ არც ერთი პოლიტიკური ზეწოლის ფაქტი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რომ არ გამოეცხადებინოს სოლიდარობა და თანადგომა კოალიციისთვის. „თავისუფალი საქართველო“ დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში არის პრაქტიკულად ერთადერთი პარტია, რომელიც არ არის კოალიციის წევრი, და ამავდროულად, რჩება სოლიდარული „ქართული ოცნების“ მიმართ. ჩვენ კოალიციისგან საპასუხო სოლიდარობა არც ერთ საკითხზე არასდროს მიგვიღია, იმის მიუხედავად, რომ კონტროლის პალატამ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად „თავისუფალი საქართველოც“ დააჯარიმა და ჩვენს პარტიაზე ხორცილდება პოლიტიკური რეპრესიები.

 რაც შეეხება სააკაშვილის წისქვილზე წყლის დასხმას, გვსურს შევახსენოთ, ბატონ ივანიშვილს, რომ „თავისუფალი საქართველოს“ გუნდი, პრაქტიკულად ერთადერთია დღევანდელ პოლიტიკაში, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან შეურიგებლად ებრძვის სააკაშვილის რეჟიმის. განსხვავებით თავად კოალიციის ლიდერის და ზოგიერთი „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ძალისგან, ჩვენ არასდროს ვმდგარვართ სააკაშვილის მხარეს, მათ შორის არც 2004 წელს, როდესაც ის ძალიან პოპულარული იყო, არც 2007 წლის 7 ნოემბერს, არც 2009 წლის 9 აპრილის გამოსვლებისას და არც 2011 წლის 26 მაისს. სწორედ 26 მაისის სისხლიან ღამეს, როდესაც პარტიის ლიდერი კახა კუკავა დააკავეს და უმოწყალოდ სცემეს ჯერ კინო „რუსთაველში“ და შემდეგ მთავარ სამმართველოში, არც ერთ დღევანდელი კოალიციის სუბიექტს, არ გამოუთქვამს მცირედი თანადგომაც კი. ყოველივე ამის ფონზე, ბრალდებები ჩვენს შესაძლო თანამშრომლობაზე სააკაშვილის დიქტაროტულ რეჟიმთან, მსუბუქად რომ ვთქვათ, ამორალურია.

 ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, გაიხსენოს სააკაშვილის მმართველობის თუნდაც ერთი წელი, დღე ან წამი, როდესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ ებრძოდა არსებულ ხელისუფლებას.

 გვსურს საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ზოგადად განსხვავებული აზრის და პლურალიზმის პატივისცემის მნიშვნელობას. განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ოპონენტებისთვის იარლიყების მიკერებით, საკუთარი პოლიტიკური კარიერა დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა და სწორედ ამ გზამ მიიყვანა საქართველო მდგომარეობამდე, როდესაც დამყარდა სრული ტირანია და ავტორიტარიზმი. ამასთან, ზოგიერთი ივანიშვილის მხარდამჭერი ჟურნალისტის აგრესიული ტონიც ჩვენი პარტიის მისამართით, ძალზედ წააგავს პოსტრევოლუციური „რუსთავი 2“-ის რიტორიკას.

ვფიქრობთ, ევროპა უნდა გავაოცოთ სწორედ განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ძალების ერთმანეთთან ღირსეული ოპონირებით და ამით უნდა გამოვირჩეოდეთ სააკაშვილის ხელისუფლებისგან. ჩვენ  გვსურს სისტემის შეცვლა და არა არსებული ხელისუფლების ჩანაცვლება ახალი (ხშირ შემთხვევაში კი იგივე) გვარებით. ამდენად, რომ არ მივიღოთ ისევ ხელისუფლება, რომელიც ოპონენტებს „მღრღნელებად“ და „ქაჯებად“ მოიხსენიებს და მოქმედებს ბოლშევიკური პრინციპებით, პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს.

  1. ჩვენ ნამდვილად გვაქვს „ქართული ოცნებისგან“ ფუნდამენტალურად განსხვავებული შეხედულებები ქვეყნის განვითარების საგარეო და საშინაო პოლიტიკურ კურსზე. ივანიშვილის გუშინდელი განცხადებიდანაც ნათლად ჩანს მისი პირადი სიმპათიები უსუფაშვილის და ზოგადად ამერიკული და ლიბერალური ფასეულობების მიმართ, თუმცა, ქართველი ხალხის დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია ეროვნული და ტრადიციული ფასეულობები. ამდენად, გაუგებარია, რატომ არ უნდა მიეცეს საზოგადოების ამ ნაწილს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობის ყოლის შესაძლებლობა.

თხოვნით მივმართავთ კოალიციის შიგნით მყოფ თანამებრძოლების, აგრეთვე იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც მთელი ამ წლების მანძილზე სიტყვის თავისუფლებისთვის და დემოკრატიული პრინციპებისთვის ვიბრძოდით, ან დაეთანხმონ ბატონ ივანიშვილს, რომ ხელისუფლების სატელიტები ვართ, ან გამოთქვან თავისი აზრი საჯაროდ და ამით დაეხმარონ კოალიციის ლიდერს სააკაშვილის შეცდომების თავიდან აცილებაში.

ჩვენი პარტიის მისამართით გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებების და შეურაცხყოფების მიუხედავად, ისევ და ისევ ქართველი ხალხის ინტერესებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუწვდით ბიძინა ივანიშვილს ხელს და მოვუწოდებთ, 1-ლ ოქტომბრამდე გადავდოთ ყოველგვარი წყენა და ურთიერთ დაპირისპირებით ნუ დავასხამთ წყალს სააკაშვილის წისქვილზე.   მზად ვართ ნებისმიერ დროს შევხვდეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და შევთანხმდეთ თანამშრომლობის ნებისმიერ ფორმატზე, თუ ბატონი ივანიშვილი თავს არ აარიდებს ამ წინადადებას. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ 20 მაჟორიტარულ ოლქში მხარს ვუჭერთ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, ძალაში რჩება, ისევე როგორც გადაწყვეტილება, რომ  „თავისუფალი საქართველო“ პრემიერმინისტრობის კანდიდატურაზე მხარს ბიძინა ივანიშვლის დაუჭერს.