საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გურჯაანის ღვინის ქარხანას ესტუმრა და წლევანდელ რთველზე ყურძნის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
სტუმრობისას ქარხნის დირექტორმა პრემიერ-მინისტრს ქარხანაში ბოლო დროს დანერგილი ახალი ტექნოლოგიები და ქარხნის გაზრდილი სიმძლავრეები გააცნო. პრემიერ-მინისტრმა კი ყურადღება მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების აუცილებლობაზე გაამახვილა.
„წლევანდელი მოსავალი კახეთში მაღალშაქრიანობით გამოირჩეოდა და ეს ფაქტორი, ქარხნის თანამედროვე სათავსოებთან ერთად, მაღალი ხარისხის ღვინის დამზადებისათის კარგ წინაპირობას ქმნის", - განაცხადა მერაბიშვილმა.
მთელ კახეთის რეგიონში 55 ყურძნის ჩამბარებელი პუნქტი არის გახსნილი.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ვინაიდან კახეთის რეგიონი წელს სტიქიამ უკვე ორჯერ დააზარალა, დაზიანებულ ყურძენს ღვინის ქარხნები 1 კილოგრამს - 35 თეთრად, ხოლო შავ ყურძენს 1 კგ 1 ლარად იბარებენ.