პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ 5 აქტივისტს თიანეთის რაიონიდან 25-27-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მისი თქმით, ისინი წვილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით იყვნენ დაკავებულები, რასაც მისივე თქმით ადგილი არ ჰქონია.
„გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი საქართველოს მასშტაბით, მინი რეპრესია ჩაატარა. სამწუხაროდ, ყველაზე მასობრივი რეპრესია დაკავებულთა რაოდენობის ნიშნით, თიანეთის რაიონში განხორციელდა. დააკავეს 3 საარჩევნო უბანზე ჩვენი წარმომადგენელი ზურა უშიკიშვილი, ასევე ჩვენი აქტივისტები - ალექსანდრე ფილაური, შოთა წიკლაური, ალექსი ხუხაშვილი და „ქართული ოცნების“ თიანეთის შტაბის აქტივის კოორდინატორი გია ქიტესაშვილი. ბრალდება იყო შეთითხნილი, რადგან ეს ყველაზე ადვილად შესაკერი საქმეა. ხელისუფლების მიზანს კი ის წარმოადგენს, რომ არჩევნემადე ცოტა ხნით ადრე ჩვენი მხარდამჭერებსა და ქომაგებს აქტიურობა შეუზღუდონ და თიანეთის მოსახლეობაში შიში დანერგონ, მაგრამ საწინააღმდეგო შედეგს იღებენ, ეს ყველაფერი ხალხის აღშფოთებას და გაღიზიანებას იწვევს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.