ზუგდიდში „თავისუფალი საქართველოს“ შტაბის წევრებზე ზეწოლა ხდება

ზუგდიდში „თავისუფალი საქართველოს“ შტაბის წევრებზე ზეწოლა ხდება

"თავისუფალი საქართველო“ ზუგდიდში პარტიის შტაბის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლებზე საუბრობს. ამასთან დაკავშირებით პარტიამ დღეს განცხადება გაავრცელა.

განცხადების თანახმად, 22 სექტემბერს პატიმრების სოლიდარობის მიზნით ქალაქ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ ფართომაშტაბიან აქციაში „თავისუფალი საქართველოს“ წევრებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, ამის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები კულმინაციურ ფაზაში შევიდა და პრაქტიკულად ყველა ახალგაზრდაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მაისურით იმყოფებოდა მანიფესტაციაზე, ხორციელდება ზეწოლა, რაც გაიმახტება დაშინებაში, მუქარაში და ფიზიკურ ანგარიშწორებაში.

მათი თქმით, ზეწოლა განხორციელდა „თავისუფალი საქართველოს“ ზუგდიდის შტაბის წევრ ზურაბ ჯინჯოლავაზე, რომელსაც ხელსუფლების ზონდერ-ბრიგადები სახლში შეუცვივდნენ და შეეცადნენ მის დაშინებას.

„ასევე დაშინების მცდელობას ჰქონდა ადგილი პარტიის სამეგრელოს რეგიონის თავმჯდომარის დემურ ანთიას მიმართ, რომელსაც უცნობი პირები ქუჩაში დახვდნენ და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. დემურ ანთიას დაემუქრნენ ფიზიკური ანგარიშწორებით, თუ ის არ შეიცვლიდა ოპოზიციურ შეხედულებებს და არ შეწყვეტდა მანიფესტაციებში მონაწილეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლებს, რომელთა მიმართაც ხორციელდება არნახული მასშტაბის ზეწოლა და მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველის ოფისს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები პოლიტიკური რეპრესიების აღსაკვეთათ.

პარტია აგრეთვე მიმართავს საზოგადოებას, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ძალადობის და სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო მანიფესტაციებში.