ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის Tbilisi Newcomers -ის ფინალური კონცერტი რკინიგზელთა კულტურის ცენტრში თბილისობის პირველ კვირას გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას ათი საუკეთესო დამწყები მუსიკოსი მიიღებს, რომელთაც კონკურსის შედეგად, „ალტერვიჟენ ჯგუფის” წარმომადგენლები და მსმენელი ერთდროულად შეარჩევს.
29 სექტემბერს მსმენელები თავიანთ ერთ ფავორიტს, ხოლო „ალტერვიჟენ ჯგუფის” წარმომადგენლები აჩიკო გულედანი, ბექა ჯაფარიძე და ვახო ბაბუნაშვილი 9 საუკეთესო მუსიკოსს გამოავლენენ. სწორედ ამ 10 მუსიკოსის მონაწილეებით გაიმართება ფინლური კონცერტი რკინიგზელთა კულტურის სახლში. რკინიგზის კულტურის სახლში გამართული კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
პროექტი Tbilisi Newcomers ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას ემსახურება. ის 2009, 2010 და 2011 წლებში ჩატარდა და წელს მეოთხედ ტარდება. პროექტი 3 ეტაპისგან შედგება: შესარჩევი ეტაპი (რომელიც გასულ წლებში 300–მდე ბენდმა გაიარა); Showcase, რომელზედაც შერჩეული ბენდები ცოცხლად ასრულებენ თავიანთ კომპოზიციებსა და ცნობილი სიმღერების ქავერებს; და მესამე ეტაპი ეს არის ფინალური შოუ–კონცერტი, სადაც საუკეთესო შემსრულებლები კონცერტს გამართავენ.
2009 წლიდან მოყოლებული პროექტის ბევრი მონაწილე დღეისათვის უკვე კარგად ცნობილ შემსრულებელს წარმოადგენს. მათ შორის ჯგუფი „ელდრაინი,“ რომელიც 2010 წლის დასაწყისში შეიქმნა. პირველი გამოსვლა, სადაც ჯგუფმა წარმატება მოიპოვა, 2010 წელს ფესტივალ „ALTERVISION newcomers„- ზე შედგა.