საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რიგით 67-ე სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა.
ამასთან დაკავშირებით განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დრო დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი რიგით მეოთხე გამომსვლელი იქნება.
როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ნიუ-იორკში უკვე იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ხელმძღვანელობს.
კალანდაძის განმარტებით, სესიის ფარგლებში ქართული მხარე დებატებში მიიღებს მონაწილეობას, ასევე, დატვირთული იქნება ქართული დელეგაციის საქმიანობა, კერძოდ, გრიგოლ ვაშაძე 40-მდე შეხვედრას გამართავს როგორც თავის უცხოელ კოლეგებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
26 სექტემბერს კი სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართება, სადაც განხილული იქნება რეგიონული თანამშრომლობის მთელი სპექტრი, ასევე გაიმართება სუამ-ისა და აშშ-ის სხდომა, სადაც აშშ-სა და სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები სამომავლო პროექტებს განიხილავენ.