არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა ფოფხაძის განცხადებით, საია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
„მივიჩნევთ, რომ საარჩევნო კოდექსი ისედაც კარგად არეგულირებდა მედიისა და დამკვირვებლების მუშაობის და სავარაუდო ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამიტომ ცესკო გარკვეულ დათმობაზე წამოვიდა, თუმცა, დადგენილების პირველადმა ვარიანტმა მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება განიცადა. სინამდვილეში ახალი დადგენილება ბევრ ბარიერს აწესებს ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისთვის. მხედველობაში მაქვს მათ შორის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუ პირი გადასაღებ ადგილს დატოვებს, უკან ვეღარ დაბრუნდება“, - განაცხადა ეკა ფოფხაძემ.
მისივე თქმით, საია აღნიშნულ დადგენილებასთან დაკავშირებით საკუთარ პროტესტს საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნობს.
რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძის შეფასებით კი, ფაქტობრივად მედიის წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების აკრედიტაციებმა ფასი დაკარგა, რადგან მათ საარჩევნო უბანზე ნორმალური მუშაობის საშუალება არ მიეცემათ.
„ახალი დადგენილება არის კანონთან კოლიზიაში. კამერების სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე განთავსება კი წარმოუდგენელია, რადგან ზოგ ადგილზე ოროთახიანი საარჩევნო უბნებია. არც ერთი ჩვენი მოთხოვნა პრაქტიკულად გათვალისწინებული არ არის“, - აღნიშნა მამალაძემ.
ცესკომ დადგენილება საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვის შესახებ 11 ხმით 2-ის წინააღმდეგ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ხმაურიანი პროტესტის ფონზე მიიღო.