საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის განცხადება
საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემია აღშფოთებას გამოთქვამს საქართველოს საპატიმროებში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო, როდესაც ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომები და სათანადოდ ვერ შეაფასა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სახალხო დამცველიდან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან წამოსული ინფორმაციები სისტემაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო.
აკადემია სრულ სოლიდარობას უცხადებს საზოგადოების პროტესტს დამნაშავეებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ გამოყენებული იქნას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა.
ციხეებში პატიმრების არაადამიანური წამების შესახებ მასმედიის საშუალებით გავრცელებული კადრები მიანიშნებს, რომ ძალადობა იქცა სახელისუფლებო სტრუქტურების მოქმედების სტილად. პატიმრებისადმი ასეთი ქმედება ძალიან ჰგავს გასული საუკუნის 30-იან წლებში კომუნისტური ხელისუფლების საპყრობილეებში არსებულ მდგომარეობას, იმ განსხვავებით, რომ დღეს ეს რიტუალების ხასიათს ატარებს და მყარი სისტემატურობით ხასიათდება.
იმავდროულად, მიუღებლად გვეჩვენება გამუდმებული პიარპროპაგანდა და ქადაგება ხელისუფლების შეუმცდარობასა და განსაკუთრებულ ისტორიულ მისიაზე და იმის თვითდარწმუნება, რომ ხელისუფლებამ ადვილად არაფერი არ უნდა დათმოს.
პრობლემა უფრო რთულადაა ვიდრე ეს ეჩვენება მთავრობის ზოგიერთ ოდიოზურ მესიტყვეს. საქმე არ ეხება მხოლოდ მინისტრის გადადგომას, არამედ მოსაძებნია და მკაცრად დასასჯელია მახინჯი სისტემის მოთავეები და დამამკვიდრებლები, რომელთა მეშვეობით ქვეყანაში შეიქმნა ურთულესი პოლიტიკური ვითარება.
პატიმრების მიმართ განხორციელებული სისასტიკე ევროპული კონვენციით ერთადერთი დანაშაულია, რომლის დუმილით თანხმობაც ამ დანაშაულის თანამონაწილეობად ითვლება.
აკადემია მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს ეკლესიის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის წინადადებას მომხდართან დაკავშირებით საზოგადოების საგანგებო კომისიის შექმნის შესახებ და მზად არის მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.
დარწმუნებული ვართ, პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები კიდევ ერთხელ დააფიქრებს საქართველოს საზოგადოებას, რომ მუდმივი და შეუცვლელი ხელისუფლება არ არსებობს და ქვეყნის მოსახლელობამ საპარლამენტო არჩევნებში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააკეთოს სამართლიანი და მისაღები არჩევანი ყოველგვარი გაყალბებისა და დაშინების გარეშე.
ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს წესი როდესაც ხელისუფლებას ოპოზიციაში უწევს ყოფნა და საზოგადოებაში იქმნება ერთგვარი პოლიტიკურ ძალთა მონაცვლელობის ტრადიცია. საქართველოში არის შესაძლებლობა ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თავის სიტყვას იტყვის ქვეყნის უახლეს ისტორიაში – თავისუფლების და და დემოკრატიის სასარგებლოდ.