არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე From.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ პირადად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მათიას იორშმა და ევროპარლამენტის წევრებმა 2004 წელსვე იცოდნენ საპატიმროებში პატიმართა წამების ფაქტების შესახებ.
სააკაშვილი და ხელისუფლების წევრები აცხადებენ, რომ წლების მანძილზე მათ პატიმრებისა წამებისა და გაუპატიურების ფაქტებთან დაკავშირებით არაფერი იცოდნენ და ეს კადრები „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 2012 წელს, საარჩევნოდ გამოიყენა.
-ეს მორიგი სიცრუეა, რასაც ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით არაფერი იცოდნენ. 2004 წლიდან, როდესაც პირველი ინფორმაცია გახდა ჩემთვის ცნობილი სულხან მოლაშვილის წამებასთან დაკავშირებით, როდესაც ჯერ კიდევ იყო ციხეებში მონიტორინგის საბჭოს დაშვება, შევედი ივნისის თვეში ნაწამებ სულხან მოლაშვილთან და ფოტოები გადავუღე.შემდეგ დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილს ვთხოვე შესულიყო და გადაეღო ფოტოები. ჩვენ ცალ-ცალკე გავაკეთეთ პრესკონფერენცია, სადაც გამოვიტანეთ აღნიშნული ფოტო-მასალა და სადაც ნიკოლაიშვილმა პირდაპირ მისცა მას წამების კვალიფიკაცია. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ევროპარლამენტის წევრები იყვნენ ჩამოსულნი და მე თითოეულ მათგანს აღნიშნული ფოტომასალა თავისი მტკიცებულებები გადავეცი. პირადად გადავეცი მათიას იორშს, ეს მასალა და ვუთხარი რომ შესულიყო ციხეში და პირადად ენახა სულხან მოლაშვილი. მე 4 ივნისს ვინახულე მოლაშვილი, იორში 6 ივნისს შევიდა.. მათიას იორშს, იქ პრეზიდენტის მიერ გაგზავნილი თინა ხიდაშელი და ელენე თევდორაძე დახვდნენ. პრეზიდენტს ამ მომენტში თავისსავე არასამთავრობოებთან ჰქონდა შეხვედრა, ჩვენ ამ შეხვედრას არ ვესწრებოდით. მათიას იორშმა პირადად უთხრა ელენე თევდორაძეს-რას იტყვით ამ ფაქტებთან დაკავშირებით, როდესაც თქვენ ჩამოხვალთ ევროპარლამენტში, თევდორაძემ პირადად ჩემთან განაცხადა, რომ ისინი ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას არ იხსნიდნენ.
სულხან მოლაშვილის წამების გარდა, პატიმრების წამების ძალიან ბევრი ფაქტი ვრცელდებოდა ქართულ მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ძალიან ხშირად საუბრობდნენ ამაზე და ეს ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცოდა...
-ამიტომ ვაცხადებ, რომ ხელისუფლება ცრუობს, როდესაც ამბობს რომ მან არაფერი იცოდა ამ ფაქტების შესახებ. მე პირადად, მაშინ ჩვენ წამების საწინააღმდეგო ევროკავშირის პროექტი გვქონდა, პატიმართა წამების 400-ზე მეტი ფაქტი გადავეცი მათიას იროშსაც და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს, რომელთაც უშუალოდ გადასცეს მიხეილ სააკაშვილს ხელში წამებულ პატიმართა სახელებით, გვარებით და სასჯელაღსრულების ნომრებით. სააკაშვილს 2004 წლის ივნისშივე ჰქონდა ეს მტკიცებულებები, მაგრამ ამისთვის არაფერი იღონა მან.
ადვოკატები ქართულ ციხეებში პატიმართა გაუპატიურების ფაქტების შესახებაც საუბრობდნენ...
-რაც შეეხება პატიმართა გაუპატიურების ფაქტებს, ამისი მტკიცებულებების გამოტანა ციხეებიდან, ბუნებრივი არ ხდებოდა, ხდებოდა მხოლოდ ინფორმაციის გამოტანა, რისი გადამოწმების ვალდებულებაც ხელისუფლებას ჰქონდა და მან ეს არ გააკეთა. დღეს რომ საუბრობს სააკაშვილი და ხელისუფლება, რომ მათ არაფერი იცოდნენ პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ფაქტების შესახებ, ვიმეორებ, ეს არის სიცრუე და მეტი არაფერი.