აქციის მონაწილეები    ლურჯ მონასტრისკენ გაემართნენ

აქციის მონაწილეები ლურჯ მონასტრისკენ გაემართნენ

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ, მიმდინარე აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები სალოცავად, ლურჯი მონასტრისკენ გაემართნენ.

აქციის მონაწილეებს დაშლისკენ  და მონასტერში სალოცავად წასვლა დეკანოზმა დავით რუხაძემ  მოუწოდა. მისი განცხადებით, დღევანდელმა აქციამ თავისი მოვალეობა უკვე შეასრულა.

„იმისთვის, რომ დღეს რაიმე პროვოკაციები არ მოხდეს, საჭიროა დაიშალოთ და ხვალ, 17:00 საათზე ფილარმონიასთან შევიკრიბოთ", - განუცხადა აქციის მონაწილეებს დეკანოზმა.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, მსგავსი ტიპის აქციები არჩევნებამდე ყოველ დღე, 15:00 საათზე, ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და 17:00 საათზე, ფილარმონიასთან გაიმართება.

ამ დროისთვის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, თუმცა , ადგილზე კვლავ პოლიციელთა განსაკუთრებული მობილიზებაა. პოლიციის ეკიპაჟს კორდონი აქვთ გაკეთებული და აქციის მონაწილეებს , გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეებმა დაშლა დაიწყეს. თუმცა, უმეტესი ნაწილი ჯერჯერობით ისევ ადგილზე რჩება. აქციის მონაწილეებს ავტომანქანით გამვლელი რიგითი მოქალაქები , სიგნალითა და შეძახილებით სოლიდარობას უცხადებენ.

პოლიციელთა განსაკუთრებულ რაოდენობასთან ერთად მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ავტომანქანები და „მარშუტკები“, რომლებშიც სავარაუდოდ სპეცრაზმელები სხედან.

ლურ მონასტერში  ლოცვის დასრულების შემდეგ აქცია  დასრულდება და ხვალ 15:00 საათძე უნივერსიტეტთან  განახლდება .

ცნობისთვის, სტუდენტების ჯგუფი საკონცერტო დარბაზთან მსვლელობით იუსტიციის სახლიდან მივიდა, მანამდე კი მათ მსვლელობები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით მოაწყვეს. სტუდენტების ახალი ჯგუფის გამოჩენას ფილარმონიასთან შეკრებილი მომიტინგეები ტაშითა და შეძახილებით " გაუმარჯოს საქართველოს" შეხვდნენ. მათი სიმრავლის გამო მელიქიშვილის გამზირი გადაკეტილი იყო.