პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების დაკავებას პოლიტიკურ რეპრესიად აფასებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერის, კახა კუკავას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, საზოგადოებრივი პროტესტი ყოველდღიურად მატულობს და აღნიშნულია, რომ მას კულმინაციური ფაზისთვის ჯერ არ მიუღწევია.
კუკავა აცხადებს, რომ ხელისუფლება ამჯერადაც ჩვეულ მეთოდს მიმართავს და მასობრივი დაპატიმრებების სერიას იწყებს.
„ამავდროულად, ბოლო 3 დღის განმავლობაში, უკანონო ბრალდებით დაპატიმრებულია 20 პირი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ხელისუფლება არა მხოლოდ უკანონო დაპატიმრებებით ცდილობს საპროტესტო მუხტის ჩახშობას, არამედ იყენებს ფიზიკური ანგარიშწორების მეთოდებსაც. შემზარავი ფაქტი მოხდა გარდაბანში, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის მამუკა არეშიძის შტაბის წევრს ბუბა დვალს უცნობმა პირმა სახეში მჟავა შეასხა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„თავისუფალი საქართველო“ კოალიციის წევრთა დაპატიმრებების სერიას პოლიტიკური რეპრესიის შეფასებას აძლევს და დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებს. ამასთან, პარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მცდელობა, უკანონო გზებით და ძალადობით ჩაახშოს საზოგადოების პროტესტი, ყოვლად უსარგებლოა, რადგან ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა არჩევანი და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი დღეს ნულოვან ნიშნულს უტოლდება.
„თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, ნუ დაიჭერენ ნეიტრალურ და შუალედურ პოზიციას მიმდინარე რეპრესიების შეფასებისას. პარტია მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის დებატები უნდა იმართებოდეს პროგრამულ საკითხებზე, ხოლო როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს შეეხება, ყველა პარტია უნდა იყოს ერთსულოვანი“, - აცხადებს კუკავა.