ამერიკული RIOT GRRRL თბილისში პატიმართა წამების ფაქტებს აპროტესტებს
RIOT GRRRL იატაკქვეშა ფემინისტური პანკ-როკ მოძრაობა თბილისში პატიმართა სასტიკი წამების საპროტესტო აქციებს უერთდება. ჯგუფი ამერიკაში 90-იანი წლებიდან ეწევა შემოქმედებას, მათი შემოქმედების ძირითადი მიმართულება ფემინისტურია და ქალთა უფლებებს ეხება, ჯგუფის წევრები ყველა სახის ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან. RIOT GRRRL -მა ელისონ ვოლფის (Bratmobile), ნადია ბიუსისა და ბერნარდოს შემადგენლობით, დღეს For.ge-ს პრესკლუბში გამართა პრესკონფერენცია.
როგორც ირაკლი კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ჯგუფს მასპინძლობას უწევს, RIOT GRRRL საქართველოში „პენ-კლუბ საქართველოსა“ და „ტელემაყურებელთა კავშირის“ მოწვევით იმყოფება. „მათი ვიზიტი საქართველოში დიდი ხანია იგეგმებოდა და ამჯერად მეტად მძიმე ვითარებას დაემთხვა, როდესაც საქართველო ხელისუფლების დიქტატსა და პატიმართა წამებას აპროტესტებს“,-აღნიშნა კაკაბაძემ.
ჯგუფის წევრების განცხადებით, ზოგადად ძალადობა ყველა ქვეყანაში ხდება, სიტყვისა და ადამიანის უფლებები ილახება არა მარტო აღმოსავლეთში, არამედ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებშიც.
„მე მაგალითად ტუნისში ვარ დაბადებული, დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება ძალადობა, ამერიკაში განსაკუთრებით იგრძნობა მუქი ფერის კანის ადამიანების უფლებების შელახვა და მათ მიმართ ძალადობა, ძალადობა ხორციელდება ქალებზეც, თუმცა ეს უფრო შეფუთულად ხდება დასავლეთში. ადამიანის უფლებებისა და ღირსებების შელახვა მიუღებელია, მითუმეტეს პატიმრების, ადამიანის კანის ფერს და წარმომავლობას კი მნიშვნელობა არ გააჩნია“,-განაცხადა ნადია ბიუსმა.
ელისონ ვოლფის განცხადებით კი, ჯგუფი ორი კონცერტის ჩატარებას გეგმავს თბილისსა და თელავში, თუმცა მათ კიდევ ერთი კონცერტის ჩატარება, სპეციალურად პატიმრებისთვის სურთ.
„ძალიან გვინდა კონცერტი ჩავატაროთ სასჯელაღსრულების დეპარტმანეტთანაც და პატიმრებს ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ“,-განაცხადა ვოლფმა.