„ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ დაგეგმილი და დაწყებულია პროვოკაციების მოწყობა, რათა შეიქმნას „სამართლებრივი საფუძვლები“ პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების განსახორციელებლად.
2012 წლის 22 სექტემბერს ქ. ფოთში, ახალ რაიონში, ქართული ოცნების მხარდამჭერები ემზადებოდნენ აქციაზე წასასვლელად, რა დროსაც მათთან მივიდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი თემურ კარბაია, რომელმაც მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ კოალიცია „ ქართული ოცნების“‘ აქტივისტმა გიზო ცაცუამ აღნიშნული პიროვნება გაიყვანა გვერდით და მოუწოდა დამშვიდებისაკენ. ინციდენტი ამით აღმოიფხვრა.
2012 წლის, 23 სექტემბერს, შემთხვევის ადგილზე მყოფ ორ პიროვნებას, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს: გიზო ცაცუას და გოდერძი შონიას მიაკითხეს სახლში პოლიციელებმა და დაკითხვაზე დაიბარეს.
როგორც ადვოკატებმა შეგვატყობინეს, პოლიციაში დასაკითხი პირები გიზო ცაცუა და გოდერძი შონია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნეს და დააკავეს.
დღეს, 12 საათზე, ისინი უკვე წარადგინეს სასამართლოს წინაშე. პროცესი ცალ-ცალკე გაიმართა, ადვოკატების განცხადებით, ერთ-ერთ მთავარ დარღვევად უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციული დაკავების ვადების გაშვება, რის შემდეგაც მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ითვლება პატიმრების მიმართ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებად. ამასთანავე, სამართლადარღვევის ოქმის შემდგენელმა ვერ წარმოუდგინა სასამართლოს ვერც დაზარალებული და ვერც მოწმე, რომლებიც მან დაკითხა. სასამართლომ ქაღალდზე დატანილი მოწმეთა ჩვენება გაითვალისწინა და იგნორი გაუკეთა დაცვის სამი მოწმის ჩვენებას, რომლებმაც უშუალოდ წარადგინეს სასამართლოზე ჩვენება.
კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით იყო ის, რომ ამავე ფაქტზე სასამართლოში საჩივარი იყო შეტანილი მოქალაქე ბელა ბრეგვაძის მხრიდანაც, თუმცა საჩივრის განხილვა მხოლოდ ნაცმოძრაობის აქტივისტის საჩივრის საფუძველზე მოხდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ამჯერადაც სასამართლომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ორივე დაკავებულს - გოდერძი შონიას და გიზო ცაცუას, 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ფოთის საარჩევნო შტაბი მიიჩნევს, რომ გოდერძი შონიასა და იზო ცაცუას როგორც დაკავება, ისე მოსამართლის მიერ მიღებული გადაწვეტილება აშკარად უკანონოა და პირდაპირი დევნაა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ. ეს არის შედეგი ხელისუფლების მხრიდან ამოქმედებული პოლიტიკური რეპრესიებისა.