"ბოლო 8 წლის განმავლობაში, დღე არ ყოფილა, რომ ჩემს ხალხთან არ ვყოფილიყავი” , -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს გურჯაანში შეკრებილ საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ჯერ კიდევ დიდი გაჭირვება და უმუშევრობაა, ვიდრე უნდა იყოს.
მისი თქმით, ისინი, ვინც ამბობენ, რომ ხალხი ეხლა გაახსენდათ, როგორც ჩანს რაღაც-რაღაცეები არ ახსოვთ.
„ჩვენ ვაშენებთ ახალ ქალაქებს, ახლიდან აშენდა თელავი, სიღნაღი, ყვარელი, ახტალა, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო და ახმეტა. ჩვენმა მტერმა ყოველთვის კარგად იცოდა, რომ თუ გინდა, საქართველო გატეხო, უნდა დაარტყა კახეთს. ეს იცოდა შაჰ-აბასმა და როგორც ჩანს, ვიღაცამ ამის შესახებ უთხრა პუტინსაც, როცა მან ღვინის ემბარგო შემოიღო. მინდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ძალას ვუთხრა, მე მესმის, რომ შემოსულია საქართველოში რუსული ფული“, - განაცხადა მან,
სააკაშვილის თქმითვე, ამ შემთხვევაში საქმე არ ეხება პოლიტიკას და საზოგადოებას მოუწოდა გონს მოეგონ და არსებული ვითარება ადექვატურად შეაფასონ.
„რა შუაშია ორი პროცენტით მეტი მოგემატებათ არჩევნებში თუ ნაკლები, თუ რამეს შეინახავთ და ფულს გადაიხდით, თუ რამე მასალას მოიპოვებთ? ეს ხომ საერთო ქართული თემებია. არ შეიძლება თამაში და სპეკულირება ადამიანების ბედით, გეგონება ეს იყოს ვალუტა. საქართველოსთვის ყველაფერი გასაგებია, რაც ხდება", - განაცხადა საკაშვილმა.