ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის განცხადებით, როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, ცნობილი იყო, რომ „ვარდების რევოლუციით“მოსულმა ხელისუფლებამ საქართველოში წამების, არაადამიანური მოპყრობის ისეთი ფორმები დაამყარა, რომლებიც არათუ საქართველოში, შეიძლება ფაშისტური გერმანიის დროსაც, იმდროინდელ ჯალათებს გაკვირვებოდა.
ამის შესახებ ნანა კაკაბაძემ For.ge - ს პრესკლუბში ისაუბრა.
მისი თქმით, წამება ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი რჩებოდა, რადგან მას ადექვატური შეფასებები არ ჰქონია.
„არ ვიცი ვინ, როგორ ფიქრობს, რა არის ქვეყნის გარეთ გასატანი და დასამალი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, ფაქტია, რომ ჩვენ შიდა რესურსებით ვერ მოვერიეთ. ერთადერთი რითიც შესაძლებელი იყო მისი მორევა, ეს საერთაშორისო მხარდაჭერაა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ცნობილი იყო, რომ ხელისუფლებამ საქართველოში, პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობის სასტიკი მეთოდები დაამყარა. ამაზე დუმილს არამხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები არამედ, ჩემი კოლეგებიც ამჯობინებდნენ და ამ ფაქტებს უწოდებდნენ არა იმას, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ჰქვია წამება არამედ, არაჰუმანურ მოპყრობას, ხოლო მანიფესტაციებსა და მიტინგებზე პოლიციის მხრიდან ადამიანების ჩახოცვას , არასათანადო ძალის გამოყენებას“, - განაცხადა კაკაბაძემ და აღნიშნა, რომ სწორედ, ეს არასწორი გამონათქვამები და შეფასებებიახდენდა გავლენას, რომ ეს ადამიანები, სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიოდნენ.
კაკაბაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ თითქოს მათ ამ კადრების გავრცელებამდე, არაფერი იცოდნენ ტყუილია.
„მე თვითონ ვარ მოწმე და მონაწილე იმისა, რომ ამ ხელისუფლებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. ეს 2004 წლიდან დაიწყო, სანამ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის საბჭო არსებობდა. არასამთავრობო ორგანიზაციები შევდიოდით ციხეში და პატიმრებს ვნახულობდით. ვხვდებოდით მათ და ვგებულობდით, თუ რა პრობლემები იყო ციხეებში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ წლებში პატიმართა წამებისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია, რადგან მონიტორინგი იქ მართლა რეალურად ხდებოდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი, ამ რეჟიმმა წამების და ღირსების შემლახავი მოპყრობა დანერგა, ამის პირველი მსხვერპლი, რევოლუციამდე კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი იყო. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ის ნაწამები იყო, თუმცა ამას არ ამბობდა. მხოლოდ რამდენიმეჯერ შესვლის შემდეგ, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ის ნაწამები იყო. ჩვენ მაშინვე აგვიკრძალეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლა, თუმცა მხოლოდ ჩვენმა ორგანიზაციამ პირადად სააკაშვილს ციხეში 400 მეტი წამების შემთხვევა გადასცა. ასე რომ, საუბარი იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ რაიმე არ იცოდა ტყუილია. პირიქით, ამას მხარს უჭერდა, ამას ნერგავდა და ამით აპირებდა სისტემის მართვას“, - განაცხადა კაკაბაძემ და აღნიშნა, რომ ხელმძღვანელებმა, რომლებმაც სასტიკი მოპყრობის აღსრულება ვერ შეძლეს, შეიცვალა და ცნობილი სადისტი ბაჩო ახალია დაინიშნა.
„სწორედ, მისი მოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო სასტიკი გახდა ციხეებში პატიმართა მოპყრობა. წამება და ღირსების შემლახველი მოპყრობა, არა ერთეულ შემთხვევებად არამედ, სისტემის მართვის ფორმად გადაიქცა“, - განაცხადა კაკაბაძემ.