ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აპრილი-ივლისის მონაცემებს მოიცავს.
საიას წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ძალადობრივი ქმედებების, ანგარიშსწორების და მუქარა-ზეწოლის ფაქტებმა იმატა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოიკვეთა ტენდენცია, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის არსებულ უთანასწორო გარემოს კიდევ უფრო აღრმავებს.
პრეზენტაციაზე საია-ს საარჩევნო პროექტების კოორდინატორის ლელა ტალიურის განცხადებით, წინასაარჩევნოდ, მედიაპლურალიზმის კუთხით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რაც საია-ს მხრიდან დადებითად შეფასდა.
მისი თქმით, მონიტორინგის პერიოდში საია-მ ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების არაერთი ფაქტის იდენტიფიცირება მოახდინა, რომლის დროსაც ადმინისტრაციული რესურსის მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის - მმართველი პარტიის სასარგებლოდ მის გამოყენებას აქვს ადგილი, რაც სხვა პარტიებისთვის არათანასწორ და არაკონკურენტულ წინასაარჩევნო გარემოს ქმნის.
მონიტორინგის შედეგად, დაფიქსირდა ასევე, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნის, დაშინების, სამსახურიდან გათავასუფლებისა და ზეწოლის შემთხევევები.
ტალიურის განცხადებით, პოლიცია რიგ შემთხვევებში, არა თუ ვერ ახერხებს მისთვის დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებების დაცვას არამედ, თვითონაც მონაწილეობს აღნიშნულ ქმედებებში.
საია-ს წარმომადგენლებმა მონიტორინგი თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში განახორციელეს.