საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ორგანიზაციის დელეგატები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან იორდანიიდან, ლიტვიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან, არჩევნების დღეს დააკვირდებიან ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცედურებს, მთელი საქართველოს მასშტაბით. არჩევნების დღის შემდეგ კი, ორგანიზაცია არჩევნების მონიტორინგთან დაკავშირებით წინასწარ განცხადებას გააკეთებს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დელეგაციას აშშ-ის კონგრესმენები დევიდ დრაიერი და ქეი გრეინჯერი უხელმძღვანელებენ, რომლებიც ასევე ორგანიზაციის (IRI) დირექტორთა საბჭოს წევრები არიან.
მისიაში მონაწილე დელეგატებს წარმოადგენენ ყოფილი პარლამენტარი იორდანიაში თარვათ ალ-ამრო, აშშ-ის ელჩი ყოფილი პოლონეთში, მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს წევრი ვიქტორ ეში, „თავისუფლების სახლის“ (Freedom House) ევრაზიის პროგრამების დირექტორი სუზან ქორქი; პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ანა ფოტიგა; შვედეთის „იალ ჰალმარსონის ფონდის“ გენერალური დირექტორი ევა გუსტავსონი და სხვები.
გარდა დელეგატებისა, მისიაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თანამშრომლებიც, რომლებიც დახმარებას გაუწევენ დელეგატებს. ორგანიზაციის წარმომადგენლებს უხელმძღვანელებენ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი ლორნ კრანერი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონალური დირექტორი სტეფან ნიქსი.
არჩევნების წინ, დელეგატები ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციას მიიღებენ აშშ-ის საელჩოსაგან, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისაგან და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისაგან. ასევე ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის, საერთაშორისო დამკვირვებლების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
ბრიფინგების შემდეგ დელეგატები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაემგზავრებიან და უშუალოდ დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს საარჩევნო უნებზე. შეაფასებენ საქართველოს საარჩევნო სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გარდა საერთაშორიო დელეგატებისა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი უკვე აკვირდება წინასაარჩევნო პერიოდს ორგანიზაციის 12 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით. დამკვირვებლები აკვირდებიან სხვადასხვა პარტიების მიერ წარმოებულ კამპანიებს, ამომრჩეველთან შეხვედრებსა და სხვა წინასაარჩევნო საქმიანობებს.
1983 წლიდან საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს განხორციელებული აქვს 150-ზე მეტი არჩევნების მონიტორინგი მსოფლიოს 46-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო და 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოში.