ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი 526 პატიმარი არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც აღნიშნულია რომ ეს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებულ საგანგებო მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა.
განცხადებაში წარმოდგენილია ყველა იმ თანამშრომლის ვინაობა, რომლებიც პატიმრების განცხადებით, მათ მიმართ სხვა სახის არასათანადო მოპყრობაში იღებდნენ მონაწილეობას. თითოეული მათგანი მზადაა, დეტალური ჩვენება მისცეს გამოძიებას. სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ მონაცემებს რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცემს.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„2012 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საგანგებო მონიტორინგი განახორციელა ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჯგუფის წევრები გაესაუბრნენ დაწესებულების ყველა ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულებს.
ქსნის დაწესებულების ე.წ. „ძველ ზონაში“ განთავსებულმა მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის სახელზე დაწერეს კოლექტიური ახსნა-განმარტება, რომელსაც ხელს აწერს 526 მსჯავრდებული და რომელიც შეეხება მსჯავრდებულთა მიმართ ქსნის N15 დაწესებულების ადმინისტრაციის და თანამშრომლების მხრიდან წარსულში განხორციელებულ არასათანადო, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
ახსნა-განმარტებაში ნათქვამია, რომ მათ მიმართ რეგულარულად ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათ სჯიდნენ ნებისმიერი წვრილმანისთვის, ხშირად უმიზეზოდაც. დასჯის მიზნით სამარტოო საკანში გადაყვანის წინ მსჯავრდებული გადაყავდათ ადმინისტრაციის შენობაში არსებულ სავარჯიშო ოთახში, სადაც სცემდნენ, აბამდნენ ხელბორკილებით გათბობის მილზე, ზოგჯერ იყენებდნენ ელექტროშოკს, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. დაწესებულებაში ახლად მიღებული მსჯავრდებულების საკნებში განაწილებამდე მათ ათავსებდნენ აბანოში, სადაც ისინი რამდენიმე დღეს ატარებდნენ. აქ მათ აყენებდნენ მუხლებზე, პარსავდნენ თავს და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მსჯავრდებულების თქმით, აბანოდან ისინი სათითაოდ გაყავდათ ადმინისტრაციის შენობაში ან საკანში და აიძულებდნენ ხელის მოწერას თანამშრომლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ცემდნენ, ემუქრებოდნენ სასჯელის დამატებით და ოჯახის წევრებზე ზეწოლით.
ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულების ყოველდღიური ყოფაც ქსნის დაწესებულებაში მძიმე იყო. მათ არ აძლევდნენ ნორმალურად ჭამის საშუალებასაც კი, კერძოდ, აჩქარებდნენ და არ ამთავრებინებდნენ სადილს, სასადილოში დალაპარაკებისთვის სჯიდნენ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ უკრძალავდნენ ადგილიდან ადგომას და ასე ტოვებდნენ მთელი დღის განმავლობაში. ნებისმიერ ამინდში ყოველდღიური შემოწმების ჩატარებისას, მსჯავრდებულებს აიძულებდნენ, საათობით მდგარიყვნენ ეზოში ღია ცის ქვეშ, ხოლო შემოწმების დაწყებას სპეციალურად აგვიანებდნენ, რათა მსჯავრდებულები რაც შეიძლება დიდხანს მდგარიყვნენ წვიმაში ან სიცხეში. მსჯავრდებულების განცხადებით, მათ ცემაში და მათ მიმართ სხვა სახის არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი თანამშრომლები: დირექტორი შოთა თოლორდავა, დირექტორის მოადგილე ბაჩო რუხაია, გიორგი ფარჯანაძე, მამუკა შალამბერიძე, ლევან ლეჟავა, დიმა ჩხეიძე, ნუკრი კოპალიანი, ვინმე ამბროსი, რაჯი, აკაკი კირკიტაძე, აკაკი მეტსახელად „ჩეპე“, სანდრო, ვიტალი მეტსახელად „ადამიჩი“, რომანი, ჯამბულ ბაირამოვი, ილო, თამაზი მეტსახელად „ჩელენტანო“, ფარნა, ძმები ბადრი და ნუკრი. ამასთან მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ ეს სია არაა ამომწურავი და სხვა თანამშრომლების სახელები არ იციან, თუმცა სახეზე ცნობენ.
მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ თითოეული მათგანი მზადაა, დეტალური ჩვენება მისცეს გამოძიებას.
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი აღნიშნულ ახსნა-განმარტებას ორშაბათს, 2012 წლის 24 სექტემბერს რეაგირებისთვის გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას.
აღსანიშნავია, რომ იმავე დაწესებულების სხვა ნაწილის მსჯავრდებულებმა ამა წლის აგვისტოს თვეში გადასცეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს კოლექტიური ახსნა-განმარტება, რომელსაც ხელს აწერდა 700-ზე მეტი მსჯავრდებული და რომელშიც ისინი ასევე საუბრობდნენ მათ მიმართ ფიზიკური და სხვა სახის ზეწოლის ფაქტებზე და ასახელებდნენ იმავე თანამშრომლებს, თუმცა აღნიშნულს დღემდე პროკურატურის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოყოლია. იგივე შეიძლება ითქვას იმავე დაწესებულების 161 მსჯავრდებულის კოლექტიურ საჩივარზე, რომელიც სახალხო დამცველმა 2010 წელს გადასცა საქართველოს მთავარ პროკურატურას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ქსნის N15 დაწესებულების მსჯავრდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ყველა აღნიშნული ფაქტი“, - ნათქვამია განცხადებაში.