საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ შეფასებით, პრეზიდენტის ანონსის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროვოკაციული და ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელება დაიწყო.
ამის შესახებ, კოალიცია „ქართული ოცნება“ სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.
განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„პრეზიდენტის ანონსის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო პროვიკაციული და ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელება. დეტალების შეფასებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს, რადგან ვთვლით, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. ხელისუფლება დაკავებულია ფალსიფიცირებული სერიალის შეთხზვით, რომლის გაგრძელება სავარაუდოდ მრავალჯერ ნანახი „სცენარების“ გამეორება იქნება. სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება სააკაშვილის ხელისუფლების მთავარ იარაღად პოლიტიკურ ოპონენტებთან და ქართველ ხალხთან ბრძოლაში. ამ ძალადობრივ პოლიტიკას წერტილი დაესმევა 1 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი დაასრულებს მოძალადე რეჟიმის არსებობას და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდება წესრიგი და სამართლიანობა“, - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.