გია ხუხაშვილი: ხელისუფლება ამთავრებს თავის არსებობას და ისე მწარედ იკბინებიან, როგორც შემოდგომის ბუზები

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება ამთავრებს თავის არსებობას და ისე მწარედ იკბინებიან, როგორც შემოდგომის ბუზები

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, უკანასკნელ დღეებში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების ინტენსიური დაკავების პროცესი აგონიზირებული ხელისუფლების ქმედებაა, როცა ის უკვე საკუთარ თავს ჭამს.

როგორც ხუხაშვილმა From.ge სთან საუბარში განაცხადა, ოპონენტებთან ასეთი მეთოდებით გასწორება ამ ხელისუფლების მეთოდი და ბუნებაა. 

„ხელისუფლების ქმედებები არის შემოდგომის ბუზების კლასიკური ქცევა. როცა მოდის სეზონი და როცა ისინი ამთავრებენ თავიანთ არსებობას, ბუნებრივია ამ დროს მწარედ იკბინებიან. პრინციპში ხელისუფლებამ სხვა არც არაფერი არ იცის. იმისათვის, რომ გაიხანგრძლივონ დღეები და რაღაცას მიაღწიონ, ცდილობენ დათრგუნონ ყველა და ძალისმიერი მეთოდებით თუ შიშის დაბრუნების გზით  ხალხს წაართვან არჩევანის უფლება. ისინი ეხლა იკბინებიან, თუმცა ეს მათი ბუნებაა და ჩვენ სხვას არც არაფერს ველოდით“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტის განმარტებით, საბოლოო ჯამში ეს მათ უგუნურ ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მისი თქმით, ამას საზოგადოების აბსოლუტურად საწინააღმდეგო რეაქცია მოყვება. ხუხაშვილი აცხადებს, ამ მეთოდებით საზოგადოებამ ხელისუფლების რეალური სახე და ბუნება დაინახა, რაც მათზე უარყოფითად აისახება.

„შეიძლება ის მოსახლეობა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ სააკაშვილს უჭერდა მხარს და თუ კი დღემდე ხალხში ვინმეს ჰქონდა ილუზია იმისა, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც პოზიტივის გაკეთება მაინც შეეძლო, გაქრა. ეხლა უკვე გასაგებია მათი არჩევანი საითკენ გადაიხრება“, - აცხადებს ის.

ხუხაშვილმა მესტიაში ჯარისკაცებზე გადაღებულ კადრებზეც ისაუბრა. მისი თქმით, კადრებში ნათლად ჩანდა, რომ ჯარისკაცები თავიანთი პიროვნების იდენტიფიცირებას ერიდებოდნენ და აღნიშნა, რომ ეს არის ერის სირცხვილი.

„მათ რცხვენოდათ რომ ჯარისკაცები იყვნენ და ხელს იფარებდნენ. მალავდნენ თავიანთ თავებს,  მაშინ, როცა ისინი ამით უნდა ამაყობდნენ. როცა ჯარისკაცებს ისეთ დღეში აგდებ, რომ თავის მოსახლეობასთან თვითიდეტიფიცირების რცხვენიათ, ეს არის ერის ტრაგედია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.