შსს-მ საჯარო მოხელეების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის მცდელობის ფაქტები გამოავლინა

შსს-მ საჯარო მოხელეების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის მცდელობის ფაქტები გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო მოხელეების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის მცდელობის ფაქტები გამოავლინა, რომელშიც "ქართული ოცნების" წევრები და მასთან დაახლოებული პირები მონაწილეობენ. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს  მიერ გამოვლენილია საჯარო მოხელეების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის და მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, რამაც ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ხშირი ხასიათი მიიღო.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით  ჩვენ  მიერ დაკავებულები არიან  გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  პოლიციელის მოსყიდვის ერთ-ერთ ფაქტზე ამოღებულია პოლიციელისთვის შეთავაზებული 50  000 აშშ დოლარი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ერთ-ერთ მოსყიდვის  საქმეში ფიგურირებს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრო  მასთან დაკავშირებულ  მასალას შემდგომი რეაგირებისთვის  საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცემს.

შსს-მ დღესვე ამ ფაქტების ამსახველი  ოპერატიული  ვიდეოჩანაწერიც გაავრცელა.