გიორგი აბდალაძე: რაც ახლა ვიდეოებში ნახეთ, იმისთვის უნდა მეყურებინა და იმ პატიმრებს ჩემ გამო უნდა მოქცეოდნენ ასე

გიორგი აბდალაძე: რაც ახლა ვიდეოებში ნახეთ, იმისთვის უნდა მეყურებინა და იმ პატიმრებს ჩემ გამო უნდა მოქცეოდნენ ასე

ჯაშუშობის ბრალდებით გასულ წელს გასამართლებულმა ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ დიდი ხნის დუმილი ე.წ. ფოტოგრაფებთან დაკავშირებით დაარღვია. მისი განცხადებით, ციხეში ყოფნის დროს მასზე განხორციელდა ზეწოლა, კერძოდ ოლეგ ფაცაციას მხრიდან, რომელმაც მუქარითა და დაშინებით დააწერინა განცხადება, რომ შიმშილობას წყვეტდა. როგორც გიორგი აბდალაძე ამბობს, ეს განცხადება სასწრაფოდ მერაბიშვილისთვის უნდა მიეწოდებინათ, რადგან ის პრესკონფერენციას მართავდა და იქ უნდა ეთქვა, რომ აბდალაძემ შიმშილობა შეწყვიტა.

"მეორე დღეს, სამშაბათს, ვანო მერაბიშვილთან ჟურნალისტების შეხვედრა სანამ დაიწყებოდა, გამომიყვანეს საკნიდან და შემიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც ერთი 7-8 კაცი დგას, ციხის თანამშრომლები. ერთ-ერთი იყო ოლეგ ფაცაცია, აი, ის, კადრებში თმებით რომ ათრევს პატიმარს და წიხლებს რომ ურტყამს. დანარჩენების სახელები არ ვიცი, მაგრამ მე კარგი ფოტომეხსიერება მაქვს და ყველა შემიძლია სახეზე ამოვიცნო. ოლეგ ფაცაცია მეუბნება, მოდი, ბიჭო, შენ აქო. შენა ხარ, რომ შიმშილობო? ხო-მეთქი. მერე რატომო? ბრალდებას არ ვეთანხმები-მეთქი. ეგ სულ ყ...ეზე მკიდიაო, ახლა დროზე დამიწერე, რომ შიმშილობას წყვეტო. განცხადება დამიწერე, თორემ თუ გინდა, ისე გიქნია, სული გაგძრობიაო. როგორც მერე გავიგე, ეს განცხადება მერაბიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრამდე უნდოდათ მიეღოთ, მერაბიშვილს რომ ეთქვა, აბდალაძემ შიმშილობა შეწყვიტაო.

მერე ეს ფაცაცია მეკითხება, ეს მიტინგები შენ გამოაო? კი-მეთქი. მერე რა გგონია, რომ ამ აქციებით რამეს მიაღწევო? მანანა არჩვაძის ხალხი, ცოტნე გამსახურდიას განთავისუფლების მოთხოვნით ყოველდღე მოდიოდა, მაგრამ ვერ დავუმატეთ სამი წელიო? სანამდე გაგვისწორდება, მანამდე გვეყოლება აქო. აქციები შენ არ გიშველისო. ზურაბ ჟვანიაზეც ატყდა ამბავიო, გირგვლიანზეცო, მარა ვინ რა მიიღოო. დამთავრდება ეს აქციები და მერე ნახე შენ, რა დღეში ჩაგაგდებთო. ხომ არ გგონია, პატრონი გეყოლება ვინმეო. გარეთ კიდევ შენს ცოლ-შვილს რაც მოუვა, ეგ ცალკე საკითხიაო. მაინც არ შევწყვეტ შიმშილობას-მეთქი. შენ მე მეჯიბრები ხომო? ახლა გაჩვენებ შენ, რა გელოდებაო. ხომ არ გგონია, ახლა ხელს დაგაკარებო. მერე რომ არ დაიწყო, ნაცემი ვარ და ამბავიო. ვინ ზის ამასთან კამერაში, გამოათრიეთ, მე მაგის დედას შევეციო. სხვა პატიმრებიც გამოათრიეთ და ამის თვალწინ ყველას დედა მოუტ...ანით, მერე შეიყვანეთ იმათთან კამერაში და არჩიოს მტყუან-მართალიო. ნახავ ახლა, ვისი აჯობებსო. რაცია ჩართო და აბა, ბიჭებო, მოემზადეთ, ამას პატიმრების დედის ტ...ვნა უნდა ვაყურებინო და მერე მიხვდება, რა ელოდება და ვისთან აქვს საქმეო. წარმოგიდგენია, რაც ახლა ვიდეოებში ნახეთ, იმისთვის უნდა მეყურებინა და იმ პატიმრებს ჩემ გამო უნდა მოქცეოდნენ ასე. მომეცით ფურცელი-მეთქი და დავუწერე, რომ ადმინისტრაციის რჩევის გამო შევწყვიტე შიმშილობა.“-ნათქვამია აბდალაძის განცხადებაში.