არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შს მინისტრის, იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის გადადგომას მოითხოვენ. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განცხადება დღეს გააკეთეს და აღნიშნული პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვეს.
აღნიშნულ განცხადებას ხელს 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.
გარდა აამისა, არასამთავრობოები იმ პირების და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ, რომლებმაც წამების ფაქტები გამოააშკარავეს და ამ ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა საჯარო გახადეს. ისინი ასევე პენიტენციურ სისტემაში ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმების დაშვებას მოითხოვენ. როგორც ცნობილია, მონიტორინგის უფლება მხოლოდ სახალხო დაცველის ოფისს აქვს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, პრეზიდენტის და ხელისუფლების მიერ გაცხადებული ზომები პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სიტუაციის ადეკვატური და პროპორციული არ არის.
„მხოლოდ შემსრულებლების დაკავება ამ შემზარავი მოვლენების ადეკვატურ პასუხს არ წარმოადგენს და აუცილებელია გამოძიება სასჯელაღსრულების მინისტრის და დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრალეულობის საკითხითაც დაინტერესდეს. უფრო მეტიც, პრეზიდენტის განცხადების თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებითი ზედამხვედელობა ფორმალურად დაევალა შს სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელის სახელიც უშუალოდ უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში არადამიანური მოპყრობის მეთოდების დამკვიდრებას და ადამიანის უფლებების უხეშ და მასიურ დარღვევებს", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
საია-ს ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ბადრაგის პატრულის თანამშრომლებით ჩანაცვლებას ცინიზმად მიიჩნევს.
„პენიტენციურ სისტრემაში არსებული შემზარავი მოვლენების სულის ჩამდგმელი შს მინისტრი ბაჩო ახალაიაა“, - აღნიშნა მან.