ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდანტი თეა წულუკიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიციას საზოგადოების დაცინვად აფასებს. ამის შესახებ წულუკიანმა დღეს, for.ge -ის პრესკლუბში ისაუბრა.
წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლების მთავარმა ორმა რგოლმა: ბაჩო ახალაიმ და ხათუნა კალმახელძემ იცოდნენ, თუ რას აკეთებდნენ.
„ერთი თვითონ აწამებდა პატიმრებს ან წამებას ესწრებოდა, ვგულისხმობ, ბაჩო ახალაის და მეორე, ხათუნა კალმახელიძე დანაშაულს ხელს აფარებდა. კალმახელიძე ხელისუფლების მარიონეტი იყო, რომელსაც ადამიანის უფლებებში არაფერი ესმის. ის არ იყო პერსონაჟი, რომელსაც შეიძლებოდა ციხეები ემართა. თავად იყო მმართული ბაჩო ახალაის მიერ და ამ თავის პასიური პოზიციით დანაშაულს ხელს აფარებდა. ეს ცალკე აღებული სისხლის სამართლის დანაშაულია. რაც შეეხება, ბაჩო ახალაის, ინფორმაცია, რაც მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ გვქონდა, გიგა ბოკერიასთვის, რომელიც გუშინ თავში ხელს მოჩვენებითად იცემდა, სერიოზულად არასოდეს არ იყო აღქმული. საკმარისი იყო ოპოზიციას ან უფლებადამცველებს მისთვის რაიმე ფაქტი მიეწოდებინა, რომ ის ან სიცილით კვდებოდა ან იძახდა, რომ ქვეყანაში არასერიოზული ოპოზიცია გვყავსო“, - განაცხადა წულუკიანმა.
შესაბამისად, წულუკიანი ბოკერის სახელმწიფოებრივი აზროვნების სწავლას ურჩევს.
„ბოკერიას ვურჩევ სახელმწიფოებრივი აზროვნება ისწავლოს და როდესაც არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ამა თუ იმ ინფორმაცაის მიაწვდის, ქილიკით კი არა არამედ, ინფორმაციის სერიოზული გადამოწმებით დაკავდეს“, - განაცხადა წულუკიანმა.