ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა დღეს for.ge -ის პრესკლუბში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, მათი სასტიკი ცემისა და შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებაზე ისაუბრა.
წულუკიანი მომხდარს ეროვნულ ტრაგედიად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ყოველივე უმსგავსობა და სირცხვილია.
წულუკიანის თქმით, მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მოახერხეს და ეს ინფორმაცია, გარეთ გამოიტანეს.
„ჩვენს ციხეებში მეფობს ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთის შესახებ ვინ, როგორ გამოიტანა ინფორმაცია შიგნიდან ეს მეორე პლანზე გადადის, თუმცა მნიშვნელოვანია მაინც დრო. მართალია, დრო არჩევნების პერიოდს დაემთხვა, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ რომ მასალამ, რომელმაც აბსოლუტურად შოკში ჩააგდო ქვეყანა, არაა კონკრეტული პირის წინააღმდეგ რაიმე კომპრომატი ვინმეს მხრიდან. ეს არაა კომპრომატების ომი“, - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადებას ყურად იღებს.
„ჩვენ მოვუწოდეთ პატიმრის ოჯახებს, მთელ საზოგადოებას სიმშიდისკენ, რაც არავითარ შემთხვევაში, საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ დამუხტულებმა, მაგრამ ამ მუხტის სწორი გზის მიმართვის პირობებში, ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციების თავიდან აცილების გზით, მივიდეთ არჩევნებამდე. ეს არის ჩვენი სასიცოცხლო მიზანი, რომ ის უმსგავსობა და სიცხოველე, რაც ვნახეთ კადრებში პირველ ოქტომბერს დავასრულოთ“, - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, ხელისუფლების მიზიანია ის საპროტეტსო მუხტი და აღშფოთება, რაც ბოლო დღეებში გაჩნდა, ისევ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ვერ მოხდება.
„ერთის მხრივ, თქვენ ნახეთ, მოქალაქეები როგორი გზით გამოხატავენ პროტესტს და მეორეს მხრივ, თქვენ ნახეთ, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა „ქართული ოცნება“ ამ მუხტით არ მანიპულირებს. პირიქთ, მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ არ დაივიწყონ მთავარი მიზანი, პირველი ოქტომბერია“, - განაცხადა წულუკიანმა.