პარლამენტის სასესიო დარბაზიდან ხმაური ისმის, სხდომათა დარბაზის ყველა კარი კი ჩაკეტილია. სავარაუდოდ, მუშები სხდომათა დარბაზში არსებულ მაგიდებს ხსნიან.
სხდომათა დარბაზში მყოფი მუშები გააფრთხილეს, რომ სხდომათა დარბაზში არც ერთ ჟურნალისტს არ მისცენ შესვლის და გადაღების უფლება.
ამ ეტაპზე, სხდომათა დარბაზიდან გატანილია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ჩართვის აპარატურა.
ტექნიკური აპარატურის გარდა დარბაზიდან გატანილია სავარძლები და ხალიჩები. პრეზიდიუმის, ტრიბუნებისა და დეპუტატთათვის განკუთვნილი მაგიდების დემონტაჟი, სავარაუდოდ, დღეს და ხვალ გაგრძელდება.
გასულ კვირას, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი დავით ჯანიაშვილი ირწმუნებოდა, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზის დემონტაჟი დაგეგმილი არ იყო. არადა, დღეს დარბაზის დაშლა დაიწყო. დავით ჯანიაშვილი შუადღისას თავად იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში და თვალს ადევნებდა დემონტაჟის პროცესს.
გასულ კვირას, პარლამენტის I რესპუბლიკის სახელობისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზების დემონტაჟი განხორციელდა, საიდანაც ტრიბუნები და ოვალური მაგიდები ნაწილ-ნაწილ, ფიცრებად დაშლილი გაიტანეს.