საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო აგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესზე დაკვირვებას და მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ბრწყინვალე ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისათვის.
რასმუსენის თქმით, ნატო-ს კარი ღიაა ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, გააგრძელონ მუშაობა რეფორმების და ინტეგრირების კუთხით.
„საქართველო დგას რეფორმების გზაზე და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ეს მძიმე და სერიოზული პროცესია. ამან ნატო-სთან დაგაახლოვათ და ეს გზა მიგიყვანთ ნატო-ს წევრობამდე. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს რეფორმების პროცესებისადმი. ვუყურებთ საქართველოს და ვადევნებთ თვალ-ყურს. ოქტომბრის საპარლამენტო და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბრწყინვალე ტესტი საქართველოს დემოკრატიისათვის. იმედია, ყველა პოლიტიკური მოთამაშე პასუხისმგებლობას იგრძნობს ამ პროცესებში. მომავალი თქვენს ხელშია. თქვენ გყავთ მეგობარი ნატო-ს სახით“, - განაცხადა რასმუსენმა.
მისივე თქმით, საქართველოში კიდევ ერთხელ ვიზიტი მისთვის სასიამოვნო იყო.