ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 5 კაციანი დელეგაცია ლუკა ვოლონტეს ხელმძღვანელობით საქართველოს ეწვევა. დელეგაციის წევრები თბილისში წინასაარჩევნო შეხვედრებს 11-12 სექტემბერს გამართავენ და 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიასა და საარჩევნო საკანონმდებლო ბაზას შეაფასებენ.
სტუმრები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
დაგეგმილია ასევე შეხვედრები და მოლაპარაკებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ამომრჩეველთა სიის გადამოწმების კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარეებთან, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
მათი ერთობლივი პრესკონფერენცია ოთხშაბათს, 12 სექტემბერს 7.30 საათზე საქართველოს პარლამენტში გაიმართება.