პოლიტიკურ ექსპერტის, სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, NDI-ის კვლევის ეხლანდელ შედეგებში წინა კვლევებთან შედარებით გარკვეული ცვლილებები და განსხვავებები შეინიშნება. როგორც ექსპერტმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა, ეს ძირითადად საზოგადოების დემოკრატიის თვალსაზრისით არსებულ დამოკიდებულებას ეხება.
მისი თქმით, წინა კვლევაში ქართული დემოკრატიის ხარისხით კმაყოფილი გამოკითხულთა 49% იყო. ექსპერტის განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ იციან თუ რა არის დემოკრატია.
„მე მაშინ გამიჩნდა აზრი, რომ დამოუკიდებელ ექსპერტთა ახალ კრებულში, შემეტანა სხვადასხვა წელთაღრიცხვის, სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ეროვნების ისტორიულ ადამიანთა გამონათქვამები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო დემოკრატია. მე მასში შევიტანე 44 ავტორის 60 განმარტება იმისათვის, რომ ჩვენს მკითხველს მაინც ჰქონოდა სწორი წარმოდგენა დემოკრატიაზე იმ რეალობით, რაც სინამდვილეშია, და არა იმ ფორმით, რომელსაც ხელისუფლებისგან ვისმენთ ხოლმე“, - განაცხადა მან.
ექსპერტი აცხადებს, რომ მისთვის ცოტა გაუგებარია ახალი შედეგები, სადაც დემოკრატიის ხარისხით უკვე 42%-ია კმაყოფილი და აღნიშნავს, რომ ამ მაჩვენებლის დემოკრატიის პროგრესის გამომხატველად აღქმა უცნაურად ეჩვენება.
„როგორ მოხდა, რომ ქართულ დემოკრატიას 49%-ის შემდეგ უკვე 42% ენდობა და ეს ქართული დემოკრატიის პროგრესად ითვლება, არ ვიცი. ამაზე პასუხი ალბათ ბატონ ნავაროს აქვს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, რომელიც არჩევნების გაყალბების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ქუჩაში გასვლის მოწოდებს უკავშირდება, ექსპერტის აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ პოლიტიკური სპექტრიცა და საზოგადოებაც არა 1, არამედ 2 ოქტომბრისთვის ემზადება.
ცისკარიშვილის განცხადებით, საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში არსებულმა ასეთმა განწყობამ, როგორც ჩანს NDI-ის დამკვეთებსა და შემსრულებელებზეც იმოქმედა.
„კითხვების ფორმულირებაში ძალიან გამჭვირვალე მინიშნებაა, რომ ყველანი 2 ოქტომრისთვის ვემზადებით. ასეთი გამოკითხვის სურვილით, ინსტიტუტიც ამყარებს მოლოდინს, რომ 2 ოქტომბერს უფრო დიდი ინტერესით ელოდებიან. როგორც ჩანს, ისინი ფიქრობენ იმაზე, რომ 1 ოქტომბერი იქნება ძალიან წარუმატებელი, ამიტომ ივანიშვილს ამომრჩეველთა ქუჩაში გამოყვანა მოუწევს“, - განაცხადა მან.
NDI-ის კვლევის თანახმად, შეკითხვაზე არის თუ არა საქართველოში ამჟამად დემოკრატია პასუხი ასეთია: 42% -დიახ, 40% - არა.