საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ამბასადორიალის ფარგლებში, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შექმნილი ვითარება სახიფათო ზღვარს არ გადასცდეს.
ვაშაძის თქმით, საქართველოს ინტერესებშია, რეგიონში არ მოხდეს არაფერი ისეთი, რაც ხელს შეუშლის თანამშრომლობას და განვითარებას.
„რეგიონში ყოველგვარი დაძაბულობა ქართველი ხალხისთვის და საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელია და ჩვენ მომხრე ვართ, იგი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს და სახიფათო ზღვარს არ გადასცდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობით“, - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ ანტიტერორისტული ოპერაციებით, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული პრობლემები ვერ გადაწყდება.
„სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია არ ატარებს ისეთ პოლიტიკას ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას და რეგიონის განვითარებას. მხოლოდ ანტიტერორისტული ოპერაციებით პრობლემა ვერ გადაწყდება, მაშინ როცა არსებობს კორუფცია, უმუშევრობა, ჯანდაცვის და განათლების პრობლემა“ - განაცხადა ვაშაძემ დაღესტანში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაზე საუბრისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ყურადღებით აკვირდება ამ მოვლენებს და არ დაუშვებს საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესებისათვის რაიმე საფრთხის შექმნას.