საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, ახალ ღვინის ქარხანაში სტუმრობისას ელჩებს ქართული ღვინისთვის რეკლამის გაკეთება დაავალა.
პრეზიდენტი ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო და ადგილობრივებთან საუბრისას რთველის მიმდინარეობით დაინტერესდა.
„დღეს ყველა ელჩს დავავალე, რომ ქართული ღვინო გაყიდონ. იმიტომ, რომ როგორც კი ხალხი ამას გემოს გაუგებს, არ არსებობს, რომ ჩვენი ყურძენი არ გაძვირდეს. ახლა ჩემი მიზანია და ამას უახლოეს 3-4 წელიწადში მოვესწრებით, რომ 1 კილოგრამი ყურძნის ფასი ორ ლარამდე გაიზარდოს. მხოლოდ ამისთვის, რეკლამაში ბევრი ფულის ჩადება მოგვიხდება. ახლა ვაშინგტონში ქართული ღვინის ბარს ვხსნით. ყველა ჩამოსულ ტურისტს სარეკლამოდ თითო, პატარა ბოთლ ქართულ ღვინოს დავურიგებთ, რომ ჩვენი სახელი ყველგან გავიდეს. შემდეგ ფასები უნდა ავწიოთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, მომავალ წელს ღვინის ხუთი ახალი ქარხანა ამუშავდება.