თბილისის რამდენიმე რაიონში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები პარტიული მაისურების ჩაცმაზე უარს ამბობენ. მმართველი პარტიის კოორდინატორები ამჟამად წინასაარჩევნო გამოკითხვებს ატარებენ და მოსახლეობას სახლში სტუმრობენ. მათ წესით, პარტიული მაისურები უნდა ეცვათ, რომელსაც „მე მიყვარს საქართველო“ და ნაციონალური მოძრაობის ნიშანი – „5“ აწერია. თუმცა, კოორდინატორების დიდი ნაწილი ნაციონალური მოძრაობის მაისურებში არ არის გამოწყობილი.
მათ ნაწილს მაისურები იმიტომ არ აცვია, რომ როგორც თავად ამბობენ „უტყდებათ“, ნაწილი კი მაისურებს შეგნებულად არ იცვამს.
საკუთარ კოორდინატორებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები 5–ნომრიანი მაისურების ჩაცმას მაინც და მაინც არ აძალებენ, რადგან ეშინიათ კოორდინატორები არ გაბრაზდნენ და არ შემოეფანტოთ.
ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარ კოორდინატორებს დაავალა, რომ რაც შეიძლება რეალური ინფორმაცია მიიტანონ და გამოკითხვის შედეგები არ გააყალბონ.
ამ მიზნით კოორდინატორები მოსახლეობას სახლში გამოკითხვის ფურცლებით მიდიან და რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემას სთხოვენ.
კოორდინატორებს დავალებული აქვთ, რომ ოჯახებში შესვლისთანავე იკითხონ – თანახმა არის თუ არა რესპოდენტი, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღოს. თუ თანახმა არა ხარ, მაშინ მმმართველი გუნდის კოორდინატორები ხმისამოუღებლად ტოვებენ რესპოდენტს.
ნაციონალური მოძრაობას ამ გამოკითხვებით ძირითადად აინტერესებს მიდიხარ თუ არა საპარლამენტო არჩევნებზე, რომელ პარტიას და მაჟორიტარს აძლევ ხმას და მონაწილეობა მიიღე თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე. თუ დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემ რომ არ იცი ხმას ვის აძლევ, კოორდინატორები „შინაურულად“ გეუბნებიან, რომ ავტომატურად ოპოზიციის ამომრჩევლად ითვლები.
გამოკითხვებს სახელისუფლებლო გუნდის კოორდინატორები თბილისის ყველა რაიონში ატარებენ.