დღეს დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე ბორჯომში მოსახლეობას შეხვდნენ და "ახალი მემარჯვენეების" ეკონომიკური პროგრამის პრიორიტეტები გააცნეს. შეხვედრაზე „ახალი მემარჯვენეების"ლიდერები ახალი ინიციატივით გამოვიდნენ, რაც ადგილობრივი თვითმართველობებისათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადების 50%–ის ადგილზე დატოვებას და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის რაიონული საჭიროებებისა და რაიონის განვითარების პროექტების დასაფინანსებლად ამ თანხების განკარგვის უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, დღეს „ბორჯომის" ჩამომსხმელი საწარმო გამართულად ფუნქციონირებს და საკუთარ პროდუქციას მრავალ ქვეყანაში წარმატებით ყიდის, თავად ბორჯომისთვის და ბორჯომელებისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს.
მისი თქმით, ამ საწარმოს მიერ გადახდილი გადასახადები პირდაპირ ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის და შემდგომ უკვე ფინანსთა სამინისტრო თავად წყვეტს, რაში და რომელი რაიონის საჭიროებებისათვის დაიხარჯოს ეს თანხა.
„ასეთივე მდგომარეობაა საქართველოს ყველა რაიონებში: „ყულევის ტერმინალის" მიერ გადახდილი გადასახადები ხობს და ხობის მოსახლეობას არ ხმარდება; „მადნეულის" მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხები ბოლნისელებსის პრობლემების მოგვარებისთვის არ იხარჯება; „ნაბეღლავის" მიერ გადახდილი გადასახადები ჩოხატაურელების საჭიროებების არ ხმარდება; "აზოტის" მიერ გადახდილი გადასახადები კი, რუსთაველებისთვის არ იხარჯება. „ახალი მემარჯვენეები" ვაყენებთ საკითხს, რომ საწარმოების მიერ გადახდილი მოგების და საშემოსავლო გადასახადების 50% ადგილზე, ამავე რაიონებში დარჩეს და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს თანხები რაიონების საჭიროებისათვის, რაიონში მცხოვრები ადამიანების სოციალური თუ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისთვის, რაიონის განვითარების პროგრამების დასაფინანსებლად გამოიყენოს" – განაცხადა შეხვედრაზე დავით გამყრელიძემ.
"ახალი მემარჯვენეები" თვლიან, რომ რაიონებში არსებული საწარმოების მიერ გადახდილი გადასახადების 50%–ის ადგილებზე დატოვებით მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი ქვეყანაში რეალური ადგილობრივი თვითმართველობის ჩამოყალიბებას და განვითარებას. ამავდროულად, საშუალებას მისცემს ადგილობრივ ხელისუფლებას რეალურად იზრუნოს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე და უფრო ეფექტურად და მიზანმიმართულად გაატაროს მათი ინტერესები.