ონის რაიონში პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ სახელით კენჭს ზაზა ისაკაძე იყრის. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღეს პარტიის ერთ ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ წარადგინა.
მისი თქმით, ისაკაძე ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერია და მან კარგად თუ როგორ გადაწყვიტოს დასაქმების პრობლემა.
„ახალი მემარჯვენეები" მახვილს არ ვაკეთებთ ცნობად სახეებზე: მსახიობებზე, სპორტსმენებზე. ზაზა ისაკაძე, ონის მაჟორიტარობის კანდიდატი არის ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერი, პროფესიონალი და მან კარგად იცის, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ადგილზე დასაქმების პრობლემა, როგორ შეიძლება გაიხსნას თითო სოფელში თითო საწარმო, რაც გააჩენს შეძლებულ ოჯახებს როგორც სოფელში, ისე ქალაქში," - განაცხადა კაციტაძემ.
რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ზაზა ისაკაძეს, მისივე განმარტებით, რაიონის ყველაზე დიდი პრობლემა ონისთვის არის მიგრაცია და ამის შესაჩერებლად დიდი ბრძოლაა საჭირო.
„ონი დაცლის პირას არის. სერიოზული ბრძოლაა საჭირო იმისთვის, რომ ეს პროცესი როგორმე შეჩერდეს. ამისათვის საჭიროა ადგილზე უმუშევრობის დაძლევა. უნდა ამუშავდეს სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო, აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ადგილზე განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს," – აღნიშნა ზაზა ისაკაძემ.