პენ კლუბის წარმომადგენლმა ირაკლი კაკაბაძემ for.ge-ს პრესკლუბში დღეს გამართულ „ტელემაყურებელთა კავშირის“ ბრიფინგზე, მედიასაშუალებების მიერ, სხვადასხვა მაგალითების დამალვის შესახებ ისაუბრა.
კაკაბაძემ კონკრეტულად ყურადღება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცულ გარდაცვალების ფაქტზე გაამახვილა და აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგალითები მიმოიხილა.
მისი განცხადებით, 2005 წლის თებერვალში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ძალიან მისტერიულ სიტუაციაში გარდაიცვალა და ამ საკითხზე ჟურნალისტური შესწავლა თუ გამოძიება ქართულ საზოგადოებას დღემდე არ აქვს.
„იმ დღეს, როდესაც ბატონი ჟვანია გარდაიცვალა, ტელეკომპანია „მზეზე“ გავიდა ირაკლი იმნაიშვილის გადაცემა, სადაც მან ელემენტარული კითხვა დასვა, იყო თუ არა შესაძლებელი ასე გაგუდულიყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ამ კითხვაზე რამდენიმე ექსპერტმა უპასუხა. სხვათაშორის მათი განცხადებით, ძალიან დიდი შანსი იყო, რომ ვერსია, რასაც მთავრობა ამბობს, მართალი არ ყოფილიყო. ამას მოჰყვა ის, რომ ირაკლი იმნაიშვილის გადაცემა დახურეს და „მზე“ გაასხვისეს.
უკვე მაისში ვახტანგ კომახიძე იღებს ფილმს, სადაც პირველ სერიაში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან სერიოზულ კითხვებს სვამს. ამ ფილმს არავინ უშვებს და ბოკერიასგან არის მითითება, რომ ეს არასანდო ფილმი არ გაეშვათ. ამის გაკეთება მხოლოდ ტელეკომპანია 202 გაბედა. შალვა რამიშვილმა მოიწვია ზურაბ ჟვანიას ცოლი და რამდენჯერმე გაუშვა ეს ფილმი. შემდეგ კი, კითხვა - პასუხი გაიმართა. ამის შემდეგ, სამ თვეში იჭერენ შალვა რამიშვილს და 202 გასხვისდა.
მესამე 2007 წლის ზაფხულში თუ შემოდგომაზე გოგა ხაინდრავა და ლევან გაჩეჩილაძე ისხდნენ ინგა გრიგოლიასთან ეთერში ტელეკომპანია „იმედში“. დასვეს საკითხი, რომ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ხელახალი გამოძიება დაეწყოთ. ამას მოჰყვა 7 ნოემბრი და „იმედს“ რა ბედი ეწია ყველამ კარგად იცის.
ახლა განსაზღვრეთ, ქვეყანაში დაიღუპა პრემიერ-მინისტრი და მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კითხვა სამმა არხმა დასვა და დღეს არცერთი ისეთი ფორმით, როგორც იყო აღარ არსებობს“, - განაცხადა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანა იმსახურებს კითხვაზე პასუხს, თუ ვინ მოკლა პრემიერ-მინისტრი ან თუ არ მოკლეს და გარდაიცვალა მაშინ, როგორ მოხდა დასაბუთებული ვერსიებით მისი გარდაცვალება.