"გაჭირვება შეუძლია აღკვეთოს ბიზნესმა და არა დასაქმების სამინისტრომ", - ეს განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ონში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვის გამოსვლისას განუცხადა და აღნიშნა, რომ დასაქმების მინისტრის კომპანია დაკავებულია ჭიათურის ტყეების გაკაფვით.
მისი თქმით, ჩვენი ხელისუფლება ისეთ ეკონომიკურ კანონებს იღებს, რომლებიც ინვესტიციების შემოდინებას ეწინააღმდეგებიან. ივანიშვილის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში "ქართული ოცნება" ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოსვლას და ეკონომიკის აღორძინებას.
„ეკონომიკის აღორძინების მთავარი ფაქტორი მცირე და საშუალო საწარმოების გახსნაა. პირადად მე ვიცნობ საზღვარგარეთ 1 000-ზე მეტ ქართველ ბიზნესმენს და ეს ადამიანები ჩამოვლენ საქართველოში და განახორციელებენ ინვესტიციებს. დაახლოებით 2-3 წელიწადში საზოგადოება იგრძნობს შვებას“, - აცხადებს კოალიციის ლიდერი.
მისი თქმით, რაჭაში ცხოვრობდა 2 000-მდე ებრაული ოჯახი, ამჟამად კი 4-5 ოჯახია დარჩენილი. როგორც "ქართული ოცნების" ლიდერმა განაცხადა, ის ებრაელები რომლებიც საქართველოდან წავიდნენ და ახლა საზღვარგარეთ ბიზნესი აქვთ, დაბრუნდებიან საქართველოში და მიიღებენ მონაწილეობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.
ბიძინა ივანიშვილი განცხადებით, თუ საქართველო თავად არ გახდა სამაგალითო ქვეყანა, ვერ დაიბრუნებს აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და ქვეყანამ უნდა მისცეს მაგალითი აფხაზ და ოს ხალხს.
„აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნების საწინდარი დემოკრატიული და განვითარებული ქვეყანაა. თუ სამართლიანი სასამართლო და ძლიერი ეკონომიკა არ გვექნება, ეს ვერ მოხდება. დღეს ქართველები თავად გავრბივართ აქედან და როგორ დავარწმუნოთ ისინი, რომ ჩვენთან იცხოვრონ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.