„თავისუფალმა საქართველომ“ შიდა ქართლში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„თავისუფალმა საქართველომ“ შიდა ქართლში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„თავისუფალმა საქართველომ“ შიდა ქართლის საარჩევნო ოლქების პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

პრეზენტაცია გორის პარტიის ოფისშიგაიმართა, სადაც დეპუტატობის კანდიდატები „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ პირადად დაასახელა.

პარტიის სახელით გორში კენჭს გიორგი ამაშუკელი იყრის; ქარელში - ხათუნა მაისურაძე; ხაშურში - რუსუდან მუმლაძე - ავალიანი; კასპში კი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაშა ფავლენიშვილი იქნება.

კახა კუკავამ ასევე პარტიის აქტივთან გამართა შეხვედრა, სადაც  საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

 „ხელისუფლება დღითიდღე აძლიერებს რეპრესიებს რეალური ოპოზიციის წინააღმდეგ და ამ უკანონობის შეჩერება, მხოლოდ რადიკალური პროტესტით და ოპოზიციის ერთიანობით არის შესაძლებელი“, - განაცხადა მან.

 პარტიის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა „თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის, აუცილებელია მომავალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი იყოს ისეთი ეროვნული ძალა, როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოა“.

 პარტია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის „ქართულ ოცნებასთან“ ყველა საარჩევნო ოლქში შეთანხმდეს ერთიან მაჟორიტარობის კანდიდატებზე.