სახელმწიფოსთვის გადაცემული ფართების გასათავისუფლებლად შემომწირველებს ვადა დღეს ამოეწურათ. ამის შესახებ From.ge-ს ერთ ერთმა შემომწირველმა, ბიძინა გუჯაბიძემ განუცხადა.
შემომწირველების ადვოკატების განმარტებით, დაჯარიმებულების დაყადაღებული ქონება აუქციონზე გაიტანეს და იმ მოტივით, რომ ქონების მყიდველებმა აუქციონის პირობები ნაწილობრივ არ შეასრულეს, ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.მათი თქმით, პარტიებისთვის თანხის შემომწირველების დიდი ნაწილის აუქციონზე გასხვისებული ქონებიდან გამოსახლება 4 სექტემბერს იგეგმება.
როგორც გუჯაბიძე აცხადებს, არცერთი შემომწირველი უკან დახევას არ აპირებს და ისინი საერთო ძალისხმევით ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას აპირებენ.
„თუ ხელისუფლება იძალადებს და უკანონობას აღასრულებს, ამას შემდგომი პროტესტი მოყვება. ძალადობას ჩვენ კანონის ფარგლებში მოქმედებით ვუპასუხებთ. პირადად მე ეს ვერ შემეხება, რადგან ქონება არ მაქვს, მაგრამ დანარჩენებს შესაძლებელია ქონება ჩამოართვან და ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია“, - განაცხადა გუჯაბიძემ და აღნიშნა, რომ ის თანაგუნდელებს სოლიდარობას უცხადებს.
პოლიტიკური პარტიებისთვის დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხების გადარიცხვის მოტივით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის ოქმების საფუძველზე 17 პირი თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა. გარდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ბეჟან ოდიშვილისა, რომელიც 25 ათასი ლარით დაჯარიმდა, 16-მა პირმა დაჯარიმების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამის შემდეგ პირებს დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ქონება დაუყადაღეს და აუქციონზე გაიტანეს.
რაც შეეხება ჯარიმის თანხებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ბაციკაძეს დაეკისრა 135.750 ლარის გადახდა, ზაალ გოგსაძეს – 60 ათასი ლარის, გიგა ბუკიას – 177.250, გივი რამაზაშვილს – 80 ათასი ლარის, ბიძინა გუჯაბიძეს – 150 ათასი ლარის, კახა ჩაკვეტაძეს – 93.460 ლარის, ლევან ჩიჩუას – 24.987, ლევან ჩქარეულს – 20 ათასი ლარის, მარინა ნადირაძეს – 57.400 ლარის, ირმა დავითაძეს – 78.365, ავთანდილ დავითაძეს – 114.192, გიორგი მოსიაშვილს – 125.350, მაია თანიაშვილს – 24.986, ირაკლი ჭუბაბრიას – 79.145, ბეჟან ედიშერაშვილს – 25 ათასის, ბადრი ცინცქილაძეს – 40.100, ალექსანდრე შალამბერიძეს – 40.250.